საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ასაკობრივმა ნაკრებებმა ბაქოში მიმდინარე “აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე” 16 მედალი მოიპოვეს. აქედან 11 ჭაბუკებზე მოდის. ვაჟა კრავეიშვილის გაწვრთნილი გუნდიდან გიორგი მელია (69 კგ) და ზვიად პატარიძე (100 კგ) ჩემპიონები გახდნენ, ნუგზარ წურწუმია (42 კგ), დავით ჩხარტიშვილი (50 კგ), ნუკრი შავაძე (76 კგ) და გიგა ქოქოლაძე (85 კგ) ფინალში გავიდნენ და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე თითო გამარჯვებაღა დააკლდათ, იური ლომაძე (54 კგ), გიორგი გუჯაბიძე (58 კგ), სულიკო ვახტანგაძე (63 კგ), ირაკლი თარხნიშვილი (76 კგ) და შოთა ცალუღელაშვილი (85 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
ახალგაზრდული ნაკრებიდან ტურნირი წაუგებლად შმაგი ბოლქვაძემ (66 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (120 კგ) ჩაამთავრეს. ლაშა გობაძე (74 კგ) და ნუკრი ფერსელიძე (96 კგ) ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ, ხოლო ირაკლი შავაძე (50 კგ) მესამე ადგილზე გავიდა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში ჭაბუკთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა, ვლადიმერ ადეიშვილის გაწვრთნილმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა - მესამე.







