მექსიკის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა „ფერარის“ სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა დაძაბულ პაექრობაში „რედ ბულის“ მაქს ფერსტაპენს აჯობა და კარიერაში 50-ე პოულ პოზიცია მოიპოვა. მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა ჩემპიონატის ლიდერი ლუის ჰამილტონი, ფეტელს 66 ქულას უგებს და მექსიკაში ოდენ ცხრა ქულაც ეყოფა მეოთხე ტიტულის მოსაპოვებლად.
„ყველაფერი ლუისზეა დამოკიდებული. ჩვენ რაც შეგვიძლია, გავაკეთებთ. აქ კარგი შედეგი დავიმსახურეთ და ვნახოთ, რბოლაში რა იქნება“, - ტრასაზევე გამართულ სახელდახელო ინტერვიუსას განაცხადა ფეტელმა.
საკვალიფიკაციო რბოლის ბოლო წამებზე, საუკეთესო დრო ფერსტაპენმა დააფიქსირა, ვისაც შანსი ჰქონდა, გამხდარიყო ფ1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პილოტი, ვინც პოულ პოზიციაზე დადგებოდა. თუმცა ფეტელმა წამებშივე უპასუხა. ახალგაზრდა ჰოლანდიელის შედეგი ცოტა ხანს ეჭვქვეშ იდგა, რადგან სტიუარდებს განსახილველი ჰქონდათ ინციდენტი, რომლის დროსაც, ბოქსებისკენ ნელა მავალმა ფერსტაპენმა, სწრაფ წრეზე მყოფ ვალტერი ბოტასს შეუშალა ხელი. „რედ ბულის“ პილოტი ამჯერად დაჯარიმებას გადაურჩა. ფინელი მეოთხე დროს დასჯერდა და სტარტზე ჰამილტონის გვერდით დაიკავებს ადგილს.
მესამე რიგში კიმი რაიკონენი და „ფორს ინდიას“ ესტებან ოკონი დადგებიან, ვინც კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები და უკანა მოიტოვა დანიელ რიკარდო, ვინც ნარბოლევს ჩიოდა, რომ საბურავების ოპტიმალურ ტემპერატურამდე გახურება ვერაფრით მოახერხა. ავსტრალიელის უკან დადგებიან „რენოს“ პილოტები, ნიკო ჰულკენბერგი და კარლოს საინსი.
კვალიფიკაციის პირველ ნაწილში მეხუთე დრო ჰქონდა ფერნანდო ალონსოს, მაგრამ მეორეში საერთოდ არ უასპარეზია. მიზეზი კვლავ „ჰონდას“ ძრავია. მის მსგავსად, მეორე ნაწილში დრო ვერც მისმა თანაგუნდელმა სტოფელ ვანდოორნმა დააფიქსირა. ტრასაზე არც ბრენდონ ჰარტლი გამოსულა, ვისაც პირველ ნაწილში დაუზიანდა ძრავი. ჰარტლის თანაგუნდელი პიერ გასლი კვალიფიკაციაზე საერთოდ არ გამოსულა - მექანიკოსებმა მის მანქანაზე ძალური დანადგარის შეცვლა ვერ მოასწრეს.
მექსიკის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:16.488
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:16.574
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:16.934
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:16.958
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:17.238
6. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:17.437 - დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:17.447
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:17.466
- კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1:17.794
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:17.807
- - - - - - - - - -
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:18.099
- ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:19.159
- სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) დროის გარეშე
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) დროის გარეშე
- ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) დროის გარეშე
- - - - - - - - - -
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:19.176
- პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 1:19.333
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:19.443
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:19.473
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) არ გამოსულა









