გრძელდება დედაქალაქის ჩემპიონატი 14-წლამდე ასაკის კალათბურთელთა შორის, რომელსაც თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ატარებენ.
ტურნირი დასკვნით მიჯნას მიადგა: ფინალში ერთმანეთს „ჰიუნდაი“ და „დინამო“ შეხვდებიან. დედაქალაქის ჩემპიონი 2 ნოემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გამოვლინდება, სადაც ასევე გაირკვევა ბრინჯაოს მედლების მფლობელი გუნდის ვინაობა.
მე-3 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ზემოთნახსენებ გუნდებთან ნახევარფინალში დამარცხებული „იბერი“ და „ჰიუნდაი 2“ შეხვდებიან. ამ უკანასკნელმა დაძაბულ ბრძოლაში - 79:86 წააგო „დინამოსთან“ და ფინალში ჰიუნდაელთა დერბი არ შედგა.
პირველ ნახევარფინალში „ჰიუნდაის“ პირველმა გუნდმა ცუდად კი დაიწყო (2:12) „იბერთან“, თუმცა შემდეგ ლიდერობაც იოლად მოიპოვა და საბოლოოდ დამაჯერებლადაც იმარჯვა, რაც უმეტესწილად გეგა წულაიას დამსახურება იყო. „ჰიუნდაის“ ჩუბინმა უკანახაზელმა 24 ქულა მიითვალა.
მეორე ნახევარდინალში „დინამომ“ „ჰიუნდაი 2“-ს მოუგო. დინამოელები 24 ქულით იგებდნენ, რაც გუგა ნაცვლიშვილის და ნიკა გულიაშვილის შედეგიანობის დამსახურება გახლდათ, თუმცა ჰიუნდაელთა შეუპოვარმა ბრძოლამ თამაშს ბოლო წუთებზე დაძაბულობა და ინტერესი შემატა. ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა, თუმცა ჰიუნდაელებმა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს.
მაშ ასე: „ჰიუნდაი“ – „დინამო“ ფინალი, მანამდე კი მესამე ადგილისთვის „ჰიუნდაი 2“ და „იბერი შეხვდებიან. ორივე მატჩი 2 ნოემბერს ოლიმპიურ სასახლეში - 16:00 საათიდან გაიმართება.

gbf.ge









