საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გამოაქვეყნა შეთავაზება ფორმულა 1-ის ტექნიკური კომისიისა და გუნდებისადმი, რომლითაც ახლანდელი ტურბო ჰიბრიდული აგრეგატების 2021 წლის რეგლამენტში დატოვების წინადადებას იძლევა. შეხვედრა პარიზში შედგა. FIA თვლის, რომ ჰიბრიდული აგრეგატების დატოვება, V8, V10 ან V12 ატმოსფერული ძრავების დაშვებაზე უკეთესი და ყველასთვის ხელსაყრელი ვარიანტი იქნება.
FIA-ს წინადადებით, უნდა დარჩეს V6 ჰიბრიდული აგრეგატები, მაგრამ მათი ბრუნვების მაქსიმალური დასაშვები ზღვარი 3 000 ბრ/წთ-ით უნდა გაიზარდოს. ამასთან, ძალურ დანადგარში აღარ შევა ყველაზე პრობლემური კომპონენტი - ენერგიის აღდგენის თბური სისტემა (MGU-H). ეს სისტემა გამონაბოლქვ აირზე მუშაობს და მის სითბოს და კინეტიკურ ენერგიას გადაამუშავებს. სამაგიეროდ, შენარჩუნდება კინეტიკური (მექანიკური) აღდგენის სისტემა (MGU-K) და ის უფრო მძლავრი გახდება. ამასთან, თუ ამჟამად ამ სისტემის მიერ გამომუშავებული ელექტრო ენერგიის გამოყენება ავტომატურად, ყოველ წრეზე ხდება, ახალი რეგლამენტით, მისი თავისი საჭიროებისამებრ გამოყენების (კვლავ ყოველ წრეზე) საშუალებას პილოტი მიიღებს. გარდა ამისა, FIA-ს შეთავაზებაში ცვლილება, ტურბინის ზომებზე და საწვავის ხარჯის შეზღუდვასაც ეხება.
ფ1-ის სპორტული დირექტორი როს ბრაუნი ამბობს, რომ ახალი რეგლამენტის პროექტის შემუშავებისას, FIA-მ გუნდებისგან და ავტოკომპანიებისგან ადრე გამართულ შეხვედრებზე მიღებული რეკომენდაციები და სურვილები გაითვალისწინა.







