სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის ბოლოსწინა, ბრაზილიის ეტაპი. აწ უკვე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა, ვინც სტარტი პიტლეინიდან აიღო, ფინიშის ხაზი მეოთხემ გადაკვეთა და რბოლის ბოლოს კვარცხლბეკის მესამე საფეხურისთვის, კიმი რაიკონენთან ჰქონდა ბრძოლა.
ჰამილტონმა თავისი მეოთხე ტიტული წინა ეტაპზე, მექსიკაში რბოლის შემდეგ გაინაღდა. პიტლეინიდან სტარტის აღების მიზეზი ის იყო, რომ კვალიფიკაციაში დროის დაფიქსირებაც ვერ შეძლო, მერე კი მის მანქანაზე „მერსედესმა“ ძრავი შეცვალა. ამის მიუხედავად, შუა რბოლისას, როცა ლიდერებმა პიტ სტოპი შეასრულეს, ჰამილტონი ცოტა ხნით პელოტონს სათავეშიც კი მოექცა.
ჰამილტონს წინსვლაში ის გარემოებაც დაეხმარა, რომ პირველ წრეზე მომხდარი ორი ავარიის გამო, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, რამაც პელოტონის სიჩქარე შეამცირა. ამის წყალობით, ჰამილტონმა სწრაფად აღმოფხვრა ის ჩამორჩენა, რომელიც რბოლის პიტლეინიდან დაწყების გამო ჰქონდა. 10 წრის შემდეგ, ის უკვე მეცხრე ადგილზე იყო და ლიდერ ფეტელს, რომელმაც პირველივე მოსახვევამდე შეძლო ბოტასის ჩამოტოვება, მხოლოდ 14 წამით ჩამორჩებოდა.
„ვისიამოვნე. ამ რბოლამ კარტინგის დრო გამახსენა, როცა სტარტის ბოლო რიგებიდან აღება მიწევდა. განსაკუთრებით, ჩემს პირველ ორ სეზონში. მესამე ადგილისთვისაც ვიბრძოლე, მაგრამ საბურავები არ მეყო“, - განაცხადა ჩემპიონმა.
ბოტასს ლიდერობის დაბრუნების შანსი პიტ სტოპის შემდეგ მიეცა. მან საბურავები ფეტელზე ერთი წრით ადრე შეცვალა, რამაც მასთან მცირე დრო მოაგებინა. და ერთი წრის შემდეგ, როცა ბოქსები გერმანელმაც მოიარა, იყო იმის შანსი, რომ „მერსედესის“ პილოტი დაწინაურებულიყო. მაგრამ „ფერარი“ ზედ მის ცხვირწინ დაუბრუნდა ტრასას...
ამ გამარჯვების შემდეგ, რომელიც მის კარიერაში 47-ეა, ფეტელი ბოტასს უკვე 22 ქულას უგებს და ბოლო ეტაპზე, რომელიც აბუ დაბიში გაიმართება, სამი ქულის აღებაც ეყოფა იმისათვის, რომ სეზონი ვიცე ჩემპიონის რანგში დაასრულოს. მესამე ადგილი რაიკონენმა დაიკავა, ვისთვისაც ეს ზედიზედ მესამე კვარცხლბეკია.
ფორმულა 1-ში ბოლო საშინაო რბოლაში იასპარეზა ფელიპე მასამ, ვის მიერ 2008 წელს მოპოვებული გამარჯვებაც, „ფერარისთვის“ აქამდე ინტერლაგუშზე ბოლო ბრაზილიური ტრიუმფი იყო. შეგახსენებთ, რომ იმ რბოლაში ფინიშის გადაკვეთის მომენტში, მასა მსოფლიო ჩემპიონი ხდებოდა. მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ, ჰამილტონმა შეძლო ტიმო გლოკის გასწრება, მეხუთეზე გადაინაცვლა და საბოლოოდ, მხოლოდ ერთი ქულით აჯობა ბრაზილიელს.გამოსამშვიდობებელი რბოლის შემდეგ, მასა კვარცხლბეკზე რუბენს ბარიკელომ მიიწვია და სახელდახელო ინტერვიუ ჩამოართვა.
ბრაზილიის დიდი პრიზი
სან პაულუ, ინტერლაგუში. დისტანცია 305.909 კმ (4.309 კმ, 71 წრე)
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:31:26.262
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) +00:02.762
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:04.600
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 00:05.468
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 00:32.940
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:48.691
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 01:08.882
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 01:09.363
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 01:09.500
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1 წრე
- კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1 წრე
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1 წრე
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
- პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 1 წრე
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 2 წრე
- ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 2 წრე
გ. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 31 წრე
გ. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 71 წრე
გ. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 71 წრე
გ. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 71 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: მაქს ფერსტაპენი - 1:11.044, 64-ე წრე
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 345 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 302; 3. ვალტერი ბოტასი - 280; 4. დანიელ რიკარდო - 200; 5. კიმი რაიკონენი - 193; 6. მაქს ფერსტაპენი - 158; 7. სერხიო პერესი - 94; 8. ესტებან ოკონი - 83; 9. კარლოს საინსი - 54; 10. ფელიპე მასა - 42; 11. ლანს სტროლი - 40; 12. ნიკო ჰულკენბერგი - 35; 13. რომენ გროჟანი - 28; 14. კევინ მაგნუსენი - 19; 15. ფერნანდო ალონსო - 15; 16. სტოფელ ვანდოორნი - 13; 17. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) - 8; 18. პასკალ ვერლაინი - 5; 19. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) - 5; 20. მარკუს ერიკსონი - 0; 21. პიერ გასლი - 0; 22. ანტონიო ჯოვანაცი (იტალია, ზაუბერი) - 0; 23. ბრენდონ ჰარტლი - 0
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 625 ქულა; 2. ფერარი - 495; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 358; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 177; 5. უილიამს-მერსედესი - 82; 6. ტორო როსო-რენო - 53; 7. რენო - 49; 8. ჰაას-ფერარი - 47; 9. მაკლარენ-ჰონდა - 28; 10. ზაუბერ-ფერარი - 5









