ავტოსპორტი

4:51 | 29.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის ახალი ლოგო

აბუ დაბის დიდი პრიზის რბოლის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიის დროს, კვარცხლბეკის ტაბლოზე ფორმულა 1-ის ახალი, წითელი ლოგო გამოისახა. ამიერიდან სწორედ ეს იქნება დიდი პრიზების ცირკის სავაჭრო ნიშანი. ის იმ ახალი ეპოქის დასაწყისი უნდა გახდეს, რომელსაც ფ1-ის ახალი მფლობელი, „ლიბერტი მედია“ გეგმავს.

ახალი ლოგო იმ ძველ პოპულარულ ლოგოს შეცვლის, რომელიც ფორმულა 1-ის სიმბოლოს 1994 წლიდან წარმოადგენდა. როგორც სპორტის მმართველი ორგანიზაცია, „ფორმულა ვან მენჯმენტი“ აცხადებს, ახალი ლოგო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ფანებისგან მიღებული ათიათასობით გამოხმაურების შედეგად შეირჩა.

ლოგო ბრენდინგის სააგენტო „ვიდენ ენდ კენედი ლონდონის“ მიერ არის შემუშავებული და როგორც მისი შემქმნელები განმარტავენ, ფორმულა 1-ის ავტომობილის სტილს ასახავს - არის ბრტყელი, დაბალი და სისწრაფეზე მიგვანიშნებს.

ფ1-ის მარკეტინგის დირექტორ ელი ნორმანის თქმით, ახალ მფლობელებს სურდათ, რომ ახალი ლოგო წინასგან ძლიერ განსხვავებული ყოფილიყო. ის დასძენს, რომ კარგა ხანს, ფორმულა 1 ფანებისთვის მიუწვდომელი იყო და რომ ეს უნდა შეიცვალოს. ამაზე უკვე მიდის მუშაობა და მალე ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება.

0.090164