„ფერარიმ“ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილის, SF71H-ს პრეზენტაცია ჩაატარა. წარდგენა მარანელოში, ფორმულა 1-ის გუნდის ბაზაზე გაიმართა, საიდანაც ის ბარსელონაში, წინასასეზონო ტესტებში მონაწილეობის მისაღებად გაიგზავნა. წინმორბედბისგან განსხვავებით, ავტომობილის გაფორმებაში თითქმის აღარ ფიგურირებს თეთრი ფერი. თეთრად მხოლოდ ძრავის ხუფის უკან არსებული დაფა შეიღება, რომელზეც პილოტის ნომერი დაიწერება.
2009 წლის შემდეგ ეს „ფერარის“ პირველი სარბოლო ავტომობილია, რომელზეც აღარ ჩანს „სანტანდერის“ რეკლამა. ესპანურმა საფინანსო ჯგუფმა ფორმულა 1-ის და საერთოდ, მოტორსპორტის დატოვება გადაწყვიტა. გუნდის პილოტები ისევ კიმი რაიკონენი და სებასტიან ფეტელი არიან, რომლებმაც წარდგენის ცერემონიაში, გუნდის სხვა წევრებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.
გასულ სეზონში „ფერარიმ“ ტიტულისთვის ბრძოლაში, სერიოზული მეტოქეობა გაუწია ჰიბრიდული აგრეგატების ეპოქის უპირობო ლიდერ „მერსედესს“. მაგრამ სეზონის ბოლოს, სამქიმიანებმა შეძლეს გარდატეხა და ზედიზედ მეოთხე ტიტული და კონსტრუქტორთა თასი მოიპოვეს.
„ფერარის“ ტექნიკურმა დირექტორმა მატია ბინოტომ წარდგენისას განაცხადა, რომ SF71H არის წინამორბედის ევოლუციური ვარიანტი. თუმცა დასძინა, რომ ახალ სარბოლო ავტომობილს ბორბლებს შორის ბაზა დაგრძელებული აქვს, რამაც ინჟინრებს შეთანწყობის შემჭიდროებასთან ერთად, აეროდინამიკის დახვეწის და წონის ოპტიმალურად გადანაწილების საშუალებაც მისცა.
ძრავიც წინას ევოლუცური ვარიანტია. ამჯერად ინჟინრებმა აქცენტი მის გამძლეობაზე გააკეთეს, რადგან ახალ სეზონში, 21 ეტაპზე მხოლოდ სამი ძრავის გამოყენება შეიძლება. უფრო მეტის შემთხვევაში კი პილოტები სტარტზე ადგილებს კარგავენ.







