ფეხბურთი

11:18 | 26.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" რეკორდული საღამო მიუნხენში

მადრიდის “რეალმა” მიუნხენის “ბაიერნი” (2:1) სტუმრად დაამარცხა. “სამეფო კლუბმა” გარდა იმისა, რომ ფინალში გასასვლელად საკმაოდ სერიოზული განაცხადი გააკეთა, რამდენიმე რეკორდიც დაამყარა (ფეხბურთელებთან ერთად).

“რეალი” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 150 მატჩის მოგება შეძლო. მადრიდელებმა აღნიშნულ ტურნირში ჯამში 249 თამაში ჩაატარეს, 48 ფრედ დაასრულა, 51 წააგო, ხოლო დანარჩენი 150 მოიგო. ასეთი მაჩვენებელი არავის არ აქვს.

კრიშტიანუ რონალდუს ევროპის ყველაზე პოპულარულ საკლუბო ტურნირში გამარჯვებების მხრივ საუკეთესო შედეგი აქვს. პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგაზე 96-ე მატჩი მოიგო და იკერ კასილიასის შედეგი გააუმჯობესა.

რონალდუ – 96 მოგება

კასილიასი – 95

ჩავი – 91

ანდრეს ინიესტა – 79

რაული – 79

ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ “რეალში” თამაშის პერიოდში 33 შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა. აქედან 32 მატჩი მისმა გუნდმა მოიგო. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მარსელომ გაიტანა და “რეალმა” ვერ მოიგო, გასულ სეზონში დაფიქსირდა, როდესაც “ბლანკოსი” სამეფო თასზე “სელტასთან” (1:2) დამარცხდა.

“რეალმა” მიუნხენის “ბაიერნი” ზედიზედ მეექვსედ დაამარცხა. გერმანულ გუნდს ასეთი ცუდი სერია ევროსარბიელზე არავისთან ჰქონია. მადრიდელთა ბოლო 6 გამარჯვება ასე გამოიყურება:

2011-2012 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგა, ნახევარფინალი – 2:1 (“ბაიერნი” ფინალში მაინც გავიდა, რადგან პენალტების სერიაში მოიგო).

2013-2014 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგა, ნახევარფინალი – 1:0, 4:0.

2016-2017 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგა, მეოთხედფინალი – 2:1, 4:2 (დ.დ).

2017-2018 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგა, ნახევარფინალი – 2:1.

გარდა ამისა, “რეალი” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც “ალიანს არენაზე” “ბაიერნი” სამჯერ დაამარცხა.

სერხიო რამოსმა “რეალის” მაისურით 559-ე მატჩი ჩაატარა და ამ მხრივ კლუბის ისტორიაში მეცხრე პოზიციაზე გადაინაცვლა. საუკეთესო ხუთეული ასეთია:

რაული – 741 მატჩი

იკერ კასილიასი – 725

მანუელ სანჩისი – 711

კარლოს სანტილინა – 645

ფერნანდო იერო – 601.

თეგებირეალი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167466