ავტოსპორტი

3:41 | 29.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელის ზედიზედ მესამე პოული

„ფერარის“ სებასტიან ფეტელმა, ბაქოს ქუჩებში აზერბაიჯანის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და ზედიზედ მესამე პოულ პოზიციას დაეუფლა. მან ტიტულის მთავარი მოცილე, „მერსედესის“ ლუის ჰამილტონი, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატის კლასიფიკაციაში 9 ქულას უგებს, 0.179 წამით ჩამოიტოვა.

პოულიდან ნახევარწამიან დისტანციაზე არიან ჰამილტონის თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი და წინა ეტაპის და ბაქოს შარშანდელი რბოლის გამარჯვებული დანიელ რიკიარდო (რედ ბული), რომლებიც სტარტზე მეორე რიგს დაიკავებენ.

„ვფიქრობ, ინტენსიური რბოლა გველის. ყველაფერი შეიძლება მოხდეს და უსაფრთხოების მანქანის გამოსვლაც მოსალოდნელია. კარგი ისაა, რომ ჩვენი მანქანა ამ საღამოს ძალიან კარგი იყო ალბათ ხვალაც ასე იქნება. გუშინ თავდაჯერება მაკლდა. მანქანის ნდობა და რითმში შესვლა გამიჭირდა. თუმცა დღეს ყველაფერი გამოსწორდა, რაც ძალიან სასიამოვნო იყო“, - განაცხადა ფეტელმა, ვინც პირველ ორ პრაქტიკაზე, ლიდერთა შორის შეღწევა ვერაფრით მოახერხა.

ჰამილტონმა ბოლო ცდაზე, მესამე სექტორში დაკარგა დრო და ნარბოლევს განაცხადა, რომ ძლიერი გვერდითი ქარის გამო, სწორზე მართვა უჭირდა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ავსტრალიის ეტაპის შემდეგ, სტარტზე მეორე ადგილი მისთვის საუკეთესო შედეგია. შეგახსენებთ, რომ წინა ორ ეტაპზე, სტარტის პირველი რიგი „ფერარის“ პილოტებს ეკავათ.

„დაძაბული პაექრობა გვქონდა. მათ (ფერარის) ფენომენალური მანქანა აქვთ მომზადებული. მაგრამ მე კმაყოფილი ვარ იმ გაწეული სამუშაოთი, რომელიც ჩვენმა გუნდმა წინა რბოლის შემდეგ გასწია. ვეცდები, ხვალ სებასტიანს საქმე გავურთულო“, - განაცხადა მოქმედმა ჩემპიონმა, ვის ანგარიშზეც, ფეტელის მსგავსად, მსოფლიო ჩემპიონის ოთხი ტიტულია.

სტარტზე პირველ რიგში დადგომის რეალური შანსი ჰქონდა კიმი რაიკონენსაც და ამ შემთხვევაში, „ფერარის“ პილოტები სტარტზე პირველ რიგს ზედიზედ მესამედ დაიკავებდნენ. უფრო მეტიც, ბოლო სწრაფ წრის დასაწყისში, მას კარგი დრო ჰქონდა და ფეტელის პოულის დროის გაუმჯობესებაც შეეძლო, მაგრამ ბოლო მოსახვევში სერიოზული შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ, მე-6 დროს დასჯერდა. ის მაქს ფერსტაპენთან ერთად, მესამე რიგში დადგება.

მეოთხე რიგს კი „ფორს ინდიას“ პილოტები - ესტებან ოკონი და სერხიო პერესი შეავსებენ, რომლებმაც შარშანდელ რბოლაში ერთმანეთს უშეღავათო ბრძოლა გაუმართეს, რაც შეჯახებით და ალბათ კვარცხლბეკზე ადგილის დაკარგვით დასრულდა. მომდევნო ორი ადგილი კი „რენოს“ პილოტებს ერგოთ, მაგრამ რადგან ნიკო ჰულკენბერგის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი გახდა შესაცვლელი, მან ხუთი პოზიცია დაკარგა, მის მეცხრე პოზიციაზე კი კარლოს საინსმა გადაინაცვლა. მის უკან კი „უილიამსის“ ორი პილოტი განლაგდება - მე-10 პოზიციაზე ლანს სტროლი დადგება, ვინც შარშანდელი რბოლა მესამეზე დაასრულა.

სერიოზულ ავარიას გადაურჩნენ „ტორო როსოს“ პილოტები: ბრენდონ ჰარტლის მანქანაზე საბურავი დაეშვა, რის გამოც, მას ტემპის დაგდებამ მოუწია. ამ დროს, თითქმის 300 კმ/სთ სიჩქარით მომავალი პიერ გასლი მყისიერად წამოეწია და ფრანგის კარგი რეაქცია რომ არა, კატასტროფა გარდაუვალი იქნებოდა. ნარბოლევს გასლიმ განაცხადა, რომ ადრე ასე არასდროს შეშინებია.

აზერბაიჯანის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:41.498
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:41.677
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:41.837
  4. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:41.911
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:41.994
  6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:42.490
  7. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:42.523
  8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:42.547
  9. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1:43.351
  10. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:43.585
  11. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1:43.886
  12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:44.019
  13. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1:44.074
  14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:43.066
  15. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:44.759
  16. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:44.489
  17. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:44.496
  18. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:45.541
  19. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1:57.354
  20. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) -
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.177458