დღეს რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკმა, წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეორე დღის რბოლებს უმასპინძლა. ქართველი და უცხოელი მრბოლები ერთმანეთს ლეჯენდსის და ფორმულა ალფას სარბოლო ავტომობილების კლასებში შეეჯიბრნენ.
სარბოლო კვირა დღე ლეგენდების კლასმა გახსნა, რომელიც როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო გამოდგა. ოღონდ, წინა სამ რბოლაზე ნაკლებად დაძაბული, რადგან არჩილ ბიძინაშვილმა სტარტზევე შეძლო დაწინაურება და პრაქტიკულად ბრძოლის გარეშე გაიარა მთელი დისტანცია. არადა, რევერსის წესის შესაბამისად, სტარტი უკანა რიგებიდან აიღო.
არჩილმა სტარტზე საუკეთესო რეაქცია გამოავლინა და უკვე პირველ მოსახვევში, რუსი ალეკსეი ხაიროვის ჩამოტოვების შემდეგ, ლიდერ კონსტანტინე კოლიაშვილს შეუტია. ხაიროვმა, ბიძინაშვილს რომ გასწრებაში ხელი ვერ შეუშალა, ოპტიმალური ტრაექტორიიდანაც გადავიდა და პირველი მოსახვევის შემდგომ მოკლე სწორზე დატრიალდა. ბედად, ამას ავარია არ მოჰყოლია.
მის უკან მომავალმა დათა ქაჯაიამ სწრაფი რეაგირებით შეძლო შეჯახების თავიდან აცილება. მაგრამ ის რომ ხაიროვთან შეჯახებას თავს არიდებდა, მის გვერდით მომავალი შოთა აფხაზავას ტრაექტორიაზე გადავიდა. ამანაც შეძლო ავარიის თავიდან აცილება, მაგრამ გზიდან გადავიდა და რამდენიმე პოზიცია დაკარგა.
პირველი წრის ბოლოს, ბიძინაშვილი უკვე ლიდერი იყო, კოლიაშვილს კი სამწუხაროდ ტექნიკამ უმტყუნა და მართალია, რამდენიმე წრის გავლა მოახერხა, მეტოქეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვეღარ ახერხებდა. საბოლოოდ ასპარეზობა მეშვიდე წრეზე შეწყვიტა. პირველივე წრეზე არ გაუმართლა ქაჯაიას, ვინც ბოქსებსაც კი ვერ მიაღწია.
კარგი რბოლა ჩაატარა სანდრო ცხადაძემ, ვინც წინა რბოლაში, აფხაზავასთან დაძაბული პაექრობით ისახელა თავი. ამჯერად თავიდან მას კოლიაშვილთან მოუწია ბრძოლამ, თუმცა ამას მალე ტექნიკამ უმტყუნა. ჯანკატ ჰურმოგლუმ სცადა ცხადაძის ტემპის აყოლა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და ბოლოს მესამე პოზიციაც დათმო. მას აფხაზავამ და ხაიროვმა გაასწრეს, რომლებმაც მესამე პოზიციისთვის მანამ იბრძოლეს, სანამ ფინიშის ხაზი „გააშველებდა“. საბოლოოდ, აფხაზავამ მესამე ადგილი დაიკავა.
ფორმულა ალფას რბოლის დასაწყისში, დავით რამიშვილი დაწინაურდა, თუმცა საბურავების პრობლემების გამო, ლიდერობის შენარჩუნება ვერ შეძლო. პირველივე წრეზე, პელოტონს სათავეში სანდრო თავართქილაძე მოექცა, რომელსაც კვალში თანაგუნდელი ირაკლი ჩხეიძე ჩაუდგა.
რამდენიმე წრე, მათ შორის სხვაობა მინიმალური იყო, თუმცა თავართქილაძეს შუა რბოლისას ძრავის ელექტრონიკამ უმტყუნა. მართალია, ის არ გაჩერებულა, მაგრამ ძრავმა მაღალი ტემპის შენარჩუნების საშუალება არ მისცა და ამის გამო, რამდენიმე პოზიცია დათმო. ჩხეიძეს გამარჯვება არ გასჭირვებია, რამიშვილმა და დავით ბაგრატიონმა შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. მათ უკან, საინტერესო ბრძოლა გაჩაღდა აფხაზავას და ჰურმოგლუს შორის, რომლებმაც რამდენჯერმე გაცვალეს პოზიციები. საბოლოოდ უკეთესი, მეხუთე ადგილი აფხაზავამ დაიკავა, მის წინ კი ფინიშის ხაზი თავართქილაძემ გადაკვეთა.
აღსანიშნავია, რომ ამ რბოლაში, საქართველოს ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა ესპანელმა ხაიმე აბრისკეტამ. მართალია, ფინიშის ხაზი ბოლომ გადაკვეთა, მაგრამ მინიმალური ვარჯიშით შეძლო სრული რბოლის ჩატარება. და რაც მთავარია, გამარჯვებულის წრეში დარჩა.
საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში, მე-2 ეტაპი
რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკი, 29.04.2018
ლეჯენდსი (რბოლა 2), 10 წრე
- არჩილ ბიძინაშვილი 19:19.836
- სანდრო ცხადაძე +3.159
- შოთა აფხაზავა 6.117
- ალეკსეი ხაიროვი 6.625
- ჯანკატ ჰურმოგლუ 8.921
- რეზო ბიწაძე 25.422
- ვლადიმერ თაბაგარი 25.538
- კონსტანტინე კოლიაშვილი 3 წრე
- დათა ქაჯაია 9 წრე
ფორმულა ალფა, 10 წრე
- ირაკლი ჩხეიძე 17:38.447
- დავით რამიშვილი +1.373
- დავით ბაგრატიონი 33.069
- სანდრო თავართქილაძე 44.212
- შოთა აფხაზავა 55.432
- ჯანკატ ჰურმოგლუ 56.324
- ხაიმე აბრისკეტა 1:33.919







