აზერბაიჯანის დიდი პრიზის თავგადასავლებით გაჯერებულ რბოლაში, ყველაზე იღბლიანი ლუის ჰამილტონი გამოდგა, ვინც ამ სეზონში პირველი გამარჯვებაც მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერიც გახდა. მაგრამ პირველი, რაც რბოლის დასრულებისთანავე გააკეთა ის იყო, რომ გუნდის ბოქსში თავისი თანგუნდელი ვალტერი ბოტასი მოინახულა და უთხრა, რომ ეს გამარჯვება მისი უნდა ყოფილიყო.
„ვალტერიმ ძალიან კარგად იმუშავა და გამარჯვებაც ჩემზე მეტად დაიმსახურა. სებასტიანმაც შესანიშნავად იასპარეზა. ცოტა უცნაურ სიტუაციაში ვარ. თავს უხერხულად ვგრძნობ, მაგრამ ვერაფერს შევცვლი“, - ნარბოლევს განაცხადა ჰამილტონმა, ვინც ბაქოში გამარჯვების შემდეგ, სებასტიან ფეტელს 4 ქულით გადაასწრო.
ფინიშამდე სამი წრე რჩებოდა, როცა ბოტასს, ვინც რბოლას სათავეში მას შემდეგ ჩაუდგა, რაც ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის ყოფნისას შეასრულა პიტ სტოპი, უკანა მარჯვენა საბურავი დაუზიანდა. ეს სტარტ-ფინიშის სწორის ბოლოს მოხდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფინელი პილოტისთვის ბოქსებში შესვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, ის რბოლას ათეულს მიღმა, ანუ უქულოდ დაასრულებდა.
სწორედ ამის შემდეგ დაწინაურდა ჰამილტონი, ვისაც უკვე ზედიზედ ექვსი რბოლა დაესრულებინა მოუგებლად და ამჯერადაც, რბოლის დასაწყისში საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ მოგების შანსი თითქმის არ ჰქონდა. თუმცა ეს შანსი მას „რედ ბულის“ პილოტების ავარიამ, ფეტელის შეცდომამ და ბოლოს ბოტასის უიღბლობამ მისცა.
„რედ ბულის“ დანიელ ტიკიარდოსა და მაქს ფერსტაპენს შორის თავიდანვე უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა. ერთ მომენტში, როცა ავსტრალიელი გასწრებას ცდილობდა, მათი მანქანების ბორბლები ერთმანეთსაც კი შეეხო, მაგრამ ორივემ შეძლო გზის გაგრძელება, ჰოლანდიელმა კი პოზიციის შენარჩუნება. თავიდან ორივეს მანქანაზე, ენერგიის აღდგენის სისტემის პრობლემები წარმოიქმნა, რის გამოც, მათ „რენოს“ პილოტებმა გაასწრეს.
ამის შემდეგაც, რიკიარდომ თანაგუნდელს კიდევ რამდენჯერმე შეუტია და 31-ე წრეზე გაასწრო კიდეც მას და მეოთხეზე გადაინაცვლა. მალე მან პიტ სტოპი შეასრულა, ერთი წრის შემდეგ კი საბურავები ფერსტაპენსაც შეუცვალეს, რომელიც ტრასაზე დაბრუნებული, რიკიარდოს წინ აღმოჩნდა. ამან სტატუს ქვოს სწრაფად აღდგენა მოისურვა და 41-ე წრის დასაწყისში, პირველი მოსახვევისთვის დამუხრუჭებისას, მათი მანქანები ერთმანეთს შეეჯახა. ამჯერად ორივემ რბოლა იქვე დაასრულა, ტრასაზე კი უსაფრთხოების მანქანა მეორედ გამოვიდა.
სწორედ ამის შემდეგ მიაშურეს მრბოლებმა პიტლეინს საბურავების შესაცვლელად. ყველაზე მეტად ბოტასმა იხეირა, ვინც პელოტონს სათავეში მოექცა. ფეტელი მეორე იყო, ჰამილტონის წინ, რაც გერმანელს ჩემპიონატში ლიდერობის გაზრდის საშუალებას აძლევდა. თუმცა ის ამას არ დასჯერდა და ბოტასს შეუტია. მაგრამ ვერ მოზომა და პირველ მოსახვევში ვერ ჩაეტია. ამით ისარგებლეს ჰამილტონმა და კიმი რაიკონენმა და ფეტელი უკან ჩამოიტოვეს. მალე მას სერხიო პერესმაც გაასწრო. მერე კი ბოტასის ჯერიც დადგა - მან სტარტ-ფინიშის სწორზე ნამსხვრევს გადაუარა რამაც საბურავი დაუზიანა. მერე კი მოსახდენი მოხდა...
აზერბაიჯანის დიდი პრიზი
ბაქოს ქალაქის ტრეკი, 306.049 კმ (51 წრე, 6.003 კმ)
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:43.44.291
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 2.460
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 4.024
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 5.329
- კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 7.515
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 9.158
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 10.931
- ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 12.546
- სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 14.152
- ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 18.030
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 18.512
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 24.720
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 30.663
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 3 წრე
15გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 9 წრე
16გ. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 12 წრე
17გ. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 12 წრე
18გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 41 წრე
19გ. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 51 წრე
20გ. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 51 წრე
უსწრაფესი წრე: ვალტერი ბოტასი - 1:45.149 (37-ე წრე, 205.252 კმ/სთ)
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 70 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 66; 3. კიმი რაიკონენი - 48; 4. ვალტერი ბოტასი - 40; 5. დანიელ რიკიარდო - 37; 6. ფერნანდო ალონსო - 28; 7. ნიკო ჰულკენბერგი - 22; 8. მაქს ფერსტაპენი - 18; 9. სერხიო პერესი - 15; 10. კარლოს საინსი - 13; 11. პიერ გასლი - 12; 12. კევინ მაგნუსენი - 11; 13-14. შარლ ლეკლერი და სტოფელ ვანდოორნი - 8; 15. ლანს სტროლი - 4; 16. მარკუს ერიკსონი - 2; 17-18. ესტებან ოკონი და ბრენდონ ჰარტლი - 1; 19-20. რომენ გროჟანი და სერგეი სიროტკინი - 0
კონსტრუქტორთა თასი
1. ფერარი - 114 ქულა; 2. მერსედესი - 110; 3. რედ ბული - 55; 4. მაკლარენი - 36; 5. რენო - 35; 6. ფორს ინდია - 16; 7. ტორო როსო - 13; 8. ჰაასი - 11; 9. ზაუბერი - 10; 10. უილიამსი - 4









