მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ლუის ჰამილტონის გამრჯვებით დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული საფრანგეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა. „მერსედესის“ ბრიტანელი პილოტისთვის ეს პირველი ფრანგული პოულია, კარიერაში 75-ე და მიმდინარე სეზონში - მესამე.
ჰამილტონმა პოლ რიკარის ტრეკის წრე წუთსა და 30.029 წამში გაიარა და 0.118 წამით აჯობა მეორე შედეგის მქონე თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს. ამგვარად, სამქიმიანებმა სტარტის პირველი რიგი დაიპყრეს. მხოლოდ მესამე დროს დასჯერდა ჩემპიონატის ლიდერი სებასტიან ფეტელი, ვინც შვიდი ეტაპის შემდეგ, ჰამილტონს ოდენ ერთ ქულას უგებს.
ცნობისათვის, საფრანგეთის დიდი პრიზი ბოლოს 2008 წელს ჩატარდა და მაშინ რბოლა მანი კურის ტრეკზე ჩატარდა. ამჯერად კი საფრანგეთი დიდი პრიზების ცირკს სამხრეთში, ლე კასტელეს ტრეკ პოლ რიკარდზე მასპინძლობს.
„საფრანგეთში დაბრუნება სასიამოვნო გრძნობებს აღძრავს. ეს მშვენიერი ადგილია. აქაური მაყურებელი კარგად დამხვდა და მიხარია, რომ ამ ტრასზე გამოსვლის საშუალება მეძლევა“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც კვალიფიკაციის ბოლო ნაწილში თავის გამოსვლას საშუალო უწოდა.
ჰამილტონს თავის ფავორიტ, მონრეალის ტრეკზე იმ აგრეგატით გამოსვლამ მოუწია, რომელიც სამუშაო ციკლს ამთავრებდა და სიმძლავრეც დაკარგული ჰქონდა. ამის გამო, იქ ფეტელთან ბრძოლა კი არა, კვარცხლბეკზე ასვლაც ვერ შეძლო. ლიდერობაც სწორედ ფეტელს გადაულოცა, ვინც ის რბოლა იოლად მოიგო. მაგრამ ლე კასტელეში „მერსედესმა“ განახლებული აგრეგატი ჩაიტანა და ჰამილტონსაც, ვისაც საფრანგეთში ჯერ გამარჯვება არ აქვს, სისწრაფე დაუბრუნდა.
ნამდვილი სენსაცია შემოგვთავაზა „ზაუბერის“ მონაკოელმა ახალბედა შარლ ლეკლერმა, ვისაც „ფერარიში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. მან კვალიფიკაციის მესამე ნაწილში ასპარეზობის უფლება მოიპოვა! საბოლოოდ კი მერვე საუკეთესო დრო დააფიქსირა. თან უკან ჩამოიტოვა „ჰაასის“ ორივე პილოტი, რომლებიც პოლ რიკარზე ძალიან სწრაფები არიან. მათგან რომენ გროჟანმა სწრაფი წრის დაფიქსირება ვერც მოახერხა, რაც მისივე შეცდომის გამო მოუვიდა.
თუ ლეკლერმა ათეულში შესვლით გაგვაოცა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ფერნანდო ალონსომ, ლე მანის 24-საათიან რბოლაში ტრიუმფის შემდეგ, კვალიფიკაციის მეორე ნაწილში გადასვლაც კი ვერ შეძლო.
საფრანგეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:30.029
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:30.147
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:30.400
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:30.705
- დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:30.895
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:31.057
- კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1:32.126
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1:32.635
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:32.930
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) დროის გარეშე
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:32.075
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:32.115
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:32.454
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:32.460
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:32.820
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:32.976
- სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:33.162
- სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1:33.636
- ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:33.729
- ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1:33.025







