ვერის ბაღში მდებარე საბილიარდო "მეტროპულში” დასრულდა მას-მედიის ჩემპიონატი ამერიკულ პულში. 21 ივნისს, კონკურენციაში 18 მედიასაშუალების 40-მდე წარმომადგენელი ჩაება და ჯგუფურ ეტაპის შეხვედრები გაიმართა. 24 ივნისს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას ოთხ-ოთხი საუკეთესო შემორჩა. 30 ივნისს კი გადამწყვეტი შეხვედრები გაიმართა.
ვაჟებს შორის ყველას პაპუნა ფირალიშვილმა (რაგბი ტვ) აჯობა. ფინალში მან ნოდარ მაისურაძე (ნიუს ჯორჯია) დაამარცხა. მესამე ადგილი ლევან პატარიძემ (რუსთავი 2) დაიკავა. ქალთა შორის ჩემპიონი გახდა ნინა ჩხაიძე (რადიო თანამგზავრი). მეორე-მესამე ადგილები კი ნატო თეთრაშვილმა (რადიო იმედი) და ნინო გაზდელიანმა (რუსთავი 2) დაიკავეს.
მედია-ტურნირის ყველა მონაწილე საბილიარდო კლუბმა "მეტროპულმა" ერთკვირიანი ულიმიტო აბონემენტებით დაასაჩუქრა. მეორე ადგილზე გასულებს ორკვირიანი აბონემენტები ერგოთ, ხოლო ჩემპიონებს - ერთთვიანი.
დაჯილდოვდნენ ტურნირის ყველაზე ახალგაზრა და ხანდაზმული მონაწილეები - ზაალ ჩხეიძე (საზოგადოებრივი მაუწყებელი) და მალხაზ გულაშვილი (ჯორჯიან თაიმსი).
მას-მედიის საბილიარდო ტურნირის ორგანიზატორი იყო თბილისის სპორტული ფილმების ფესტივალი, რომელიც 2004 წლიდან ატარებს მედიატურნირებს სამთო თხილამურებში, მეკლდეურობაში, ბილიარდში, არის საქართველოში სპორტული ფილმების ფესტივალის ორგანიზატორი და სპორტული თემატიკის ფოტოპროექტების, მათ შორის, "სპორტფოტოს" ავტორი.







