17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი ამ დღეებში მთავარი საფეხბურთო თემაა საქართველოში. ვასილ მაისურაძის გუნდს ერთი ნაბიჯი აშორებს ფინალურ ეტაპამდე, რომელიც 4-16 მაისს სლოვენიაში გაიმართება. რა დარჩა იქ მოხვედრამდე? ჯგუფის ბოლო ტურში უკრაინასთან მოგება. შესაძლოა, ფრეც საკმარისი იყოს, თუ ესპანეთი-ინგლისიც ფრედ დასრულდება. თუმცა, სხვების იმედზე ყოფნა არ შეიძლება, მითუმეტეს, ყველაფერი ქართველთა ხელშია.
ელიტ-რაუნდში სულ 7 ჯგუფია და მხოლოდ გამარჯვებულები გადიან ფინალურ ეტაპზე, სადაც მერვე გუნდი მასპინძელი სლოვენია იქნება. 8 გუნდიდან ექვსი მონაწილე უკვე ცნობილია - რამდენიმე ჯგუფში უკვე დასრულდა მატჩები და გადაწყვეტილია, რომ დასკვნით ეტაპზე ითამაშებენ: უნგრეთი, ისლანდია, ჰოლანდია, პოლონეთი და გერმანია. დანარჩენ ორ ჯგუფში ბოლო ტური დარჩა და ფავორიტებიც გამოჩნდნენ: საფრანგეთი და საქართველო თავიანთ ჯგუფებში ლიდერობენ.
ეს რაც შეეხება დღევანდელობას. ახლა კი, რამდენიმე საინტერესო ფაქტი ისტორიიდან:
17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი თავიდან 16-წლამდელთა სტატუსით იყო, თუმცა რეალურად, ზუსტად იგივე ასაკის გუნდებს შეეძლოთ თამაში ფინალურ ეტაპზე. მაგალითად, 16-წლამდელები ერქვა, თუმცა 17 წლისებს შეეძლოთ ფინალურ ეტაპზე გამოსვლა. ასე რომ, არავითარი განსხვავება.
ამ ასაკში ქართველები ევროპის ჩემპიონებიც გამხდარან, კერძოდ, როცა 1985 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრები გახდა ტრიუმფატორი და გუნდში თამაშობდნენ გელა კეტაშვილი და სოსო ჭედია. თანაც, ორივე მათგანი სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა და დიდი წვლილი შეიტანეს ჩემპიონობაში.
დავაკონკრეტოთ: 1991 წლამდე, ფინალურ ეტაპზე გამოსვლა 19 წლისებსაც შეეძლოთ. მთავარია, შესარჩევის დაწყებისას არ ყოფილიყვნენ 17 წელს გადაცილებულნი.
დამოუკიდებლობის პერიოდში ორჯერ მოხდა, როცა საქართველოს ამ ასაკის ნაკრებმა ფინალურ ეტაპზე გააღწია. პირველად ეს, ცხონებული რეზო გაგუას (გეცოდინებათ, წლეულს თებერვლის მიწურულს გარდაიცვალა) გაწვრთნილმა გუნდმა მოახერხა, 1997 წელს შვედეთში მოხვდა და ჯგუფში ბოლო ადგილზე დარჩა: უნგრეთთან 1:3, იტალიასთან 3:5, ბელგიასთან 1:5.
მეორედ, 2002 წელს კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი გავიდა ფინალურ ეტაპზე, რომელიც გერმანიაში გაიმართა და ქართველები 16-გუნდიანი ტურნირის ჯგუფური ეტაპიდან გავიდნენ: პოლონეთთან 1:1, გერმანიასთან 1:1, უნგრეთთან 2:1. მეოთხედფინალში ქართველებმა 0:3 წაგეს შვეიცარიასთან, რომელიც ჩემპიონი გახდა. ბრწყინვალედ ჩაატარეს ის ტურნირი სანდრო იაშვილმა, გოჩა ხოჯავამ, ზაალ ელიავამ და სხვებმა... ქართველებმა მაშინ ოთხი გოლი გაიტანეს და ოთხივე – იაშვილმა.
ერთიც აღსანიშნავია: ორივე ეს ფინალური ეტაპი 16-გუნდიანი იყო. და რა თქმა უნდა, 8 გუნდს შორის მოხვედრა გაცილებით ძნელი და საამაყოცაა. მოკლედ, პირველი იყო გაგუა, მეორე კი ჟორჟიკაშვილი. იმედია, მესამე მაისურაძე იქნება.
აქვე ვთქვათ, რომ ვახტანგ კოპალეიშვილის ნაკრებიც გასულა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, თუმცა სხვა ასაკში: ის იყო 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე – მაშინ ერქვა 18-წლამდელები, თუმცა დღევანდელი 19-წლამდელების ევროჩემპიონატის იდენტური იყო. ანუ, 19 წლისებს შეეძლოთ ფინალურ ეტაპზე გამოსვლა.
ჩემპიონები
8 – ესპანეთი (1986, 1988, 1991, 1997, 1999, 2001, 2007, 2008).
5 – პორტუგალია (1989, 1995, 1996, 2000, 2003).
3 – გერმანია (1984, 1992, 2009).
2 – თურქეთი (1994, 2005).
1 – იტალია (1980), საბჭოთა კავშირი (1985), ჩეხოსლოვაკია (1990), პოლონეთი (1993), ირლანდია (1998), შვეიცარია (2002), საფრანგეთი (2004), ინგლისი (2010), ჰოლანდია (2011).
საუკეთესო ფეხბურთელები 2002 წლიდან
2002 – უეინ რუნი (ინგლისი), 2003 – დავიდ როდრიგესი (ესპანეთი), 2004 – სესკ ფაბრეგასი (ესპანეთი), 2005 – ნური შაჰინი (თურქეთი), 2006 – ტონი კროოსი (გერმანია), 2007 – ბოიან კრკიჩი (ესპანეთი), 2008 – დანიელ ალექსიჩი (სერბეთი), 2009 – ბენჯამინ სიეგრისტი (შვეიცარია), 2010 – კონორ უიქჰემი (ინგლისი), 2011 – კაილ ებესილიო (ჰოლანდია).
თავადაც ხედავთ, ესპანეთი ყველაზე ძლიერია ამ ასაკის ნაკრებებს შორის. რვაგზის ჩემპიონობა ბევრ რამეზე მეტყველებს. მოქმედი ჩემპიონი კი ჰოლანდიაა, რომელმაც შარშან ფინალში გერმანიას 5:2 სძლია და პირველად გახდა ევროპაში საუკეთესო.
ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს, უეფა 2002 წლიდან ასახელებს. პირველად ეს აღიარება (ანუ, 2002 წელს) უეინ რუნის ერგო და შემდგომ წლებშიც გაუბრწყინიათ დღესდღეობით ცნობილ მოთამაშეებს: სესკ ფაბრეგასს, ნური შაჰინს, ტონი კროოსს, ბოიან კრკიჩს...
ილია ნანობაშვილი









