ინტერვიუები

17:54 | 15.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელებს ყაზახეთი და “პრეზიდენტის თასი” ელით

საქართველოს 17–წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები ახლახანს დაბრუნდა თურქეთიდან, სადაც “კუშადასის თასის” გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა და მეორე ადგილი დაიკავა. ჯგუფური ეტაპის მოგების შემდეგ, ვასილ მაისურაძის შეგირდები ფინალში დასავლეთ თურქეთის ნაკრებთან დამარცხდნენ (0:3).
განვლილი ტურნირის შესახებ, ნაკრები გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ისაუბრა.
ვასილ მაისურაძე: “ტურნირი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. უმცირესი დეტალებიც კი ჰქონდათ გათვლილი, რომ გუნდებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ. თამაშების დამთავრებისთანავე გვაძლევდნენ საჭირო ვიდეოჩანაწერებს და შესაბამისად, საშუალება გვქონდა, მომდევნო მატჩისთვის კარგად მოვმზადებულიყავით.”
ნაკრების მთავარი მწვრთნელი, უპირველესად, კმაყოფილია იმით, რომ მისმა გუნდმა დიდი გამოცდილება მიიღო.
“ჩვენს ფეხბურთელებს, სანაკრებო დონეზე ასეთ ტურნირებში ასპარეზობის გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდათ. მეტსაც გეტყვით, ზოგიერთმა პირველად ითამაშა ბუნებრივსაფარიან მოედანზე. საერთო ჯამში, მართლაც კმაყოფილი ვარ. მართლა კარგი თამაშები ჩავატარეთ. კარგი მატჩი იყო აღმოსავლეთ თურქეთის ნაკრებთან, რომელიც 1:1 დამთავრდა. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ფინალში მეტოქემ გამოკვეთილი უპირატესობით გვაჯობა. უბრალოდ, ჩვენებს ფიზიკური დაღლა დაეტყოთ. თანაც, პირველად ისეთი გოლი გავუშვით, რომ ბიჭები ფსიქოლოგიურად გატყდნენ, მაგრამ აშკარაა, რომ სხვებთან შედარებით, ფიზმომზადებაში გვიჭირს, ამის გარეშე კი, ფონს რომ ვერ გავალთ, ეს ყველამ კარგად იცის“ – ამბობს მაისურაძე.
– ფინალურ მატჩზე რომ გვითხრათ უფრო დაწვრილებით – რა კომპონენტებში დაგვჩაგრა მეტოქემ ყველაზე მეტად?
–  როგორც უკვე გითხარით, ფიზიკურად. თუმცა, სხვებთან შედარებით, დასავლეთ თურქეთის ნაკრები უკეთ გამოიყურებოდა და ამას თავისი ახსნა აქვს, რადგან ქვეყნის იმ რეგიონში, ბავშვთა ფეხბურთი განსაკუთრებით კარგად ყოფილა განვითარებული და ეს თურქ ფეხბურთელებს აშკარად ეტყობოდათ.
– თქვენს ნაკრებს რა პოზიციებზე უჭირს ყველაზე მეტად?
– უპირველესად, მეკარის პრობლემა უნდა აღვნიშნო. ეს მართლაც სერიოზული თემაა. კი, იყო შეცდომები სხვადასხვა რგოლებშიც, მაგალითად, დაცვაში და ნახევარდაცვაში და აქაც გვჭირდება გაძლიერება. განსაკუთრებით, ყურადღებამისაქცევია ფლანგის ფეხბურთელების საკითხი.
– ნიკა ახვლედიანი ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველი გახდა...
– ნიკა ცენტრალური ნახევარმცველია და დიდი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელი, თუმცა, ვთვლი, რომ ამ ტურნირზე მან თავისი შესაძლებლობების ნახევარი თუ გამოამჟღავნა. ჩვენ ვისაუბრეთ და მან იცის, რომ უფრო მეტს ვითხოვ და მოვთხოვ სამომავლოდ.
ახლა, ყველას მივეცი დავალებები, რომლებზეც თავიანთ კლუბებში უნდა იმუშაონ, დახვეწონ სხვადასხვა დეტალები, რათა მომდევნო შეკრებაზე უკეთ მომზადებულები მოვიდნენ.
აპრილის ბოლოს, 17–წლამდელები ყაზახეთში, “პრეზიდენტის თასის” გათამაშებაზე არიან მიწვეულნი. ვასილ მაისურაძის თქმით, გუნდის ძირითადი ბირთვი 85-90 პროცენტით იქნება შენარჩუნებული, თუმცა, აუცილებლად გაისინჯება რამდენიმე ახალი ფეხბურთელი, რომლებსაც აკვირდებიან და დიდი შანსია, საყაზახეთო შემადგენლობაში ახლებიც მოხვდნენ.
სავარაუდოდ, 17-წლამდელები 10 დღიან შეკრებასაც გაივლიან.

სფფ– ს პრესსამსახური
www.gff.ge-ს ფოტო

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097534