ფეხბურთი

1:00 | 8.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიამ რუსეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა

ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და ნახევარფინალში ინგლისს შეხვდება. რუსეთი ძალიან ახლოს იყო ტაქტიკური თამაშით პენალტების სერიამდე მიეყვანა საქმე და ისე გაემარჯვა, თუმცა დღეს იღბალი მასპინძლების მხარეს არ იყო.

საბოლოოდ, ხორვატიამ შეძლო და ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა თერთმეტმეტრიანების ხარჯზე და ისე გავიდა ნახევარფინალში, რაც აღნიშნული ბოლოს არგენტინამ 1990 წელს გააკეთა. არა და ზლატკო დალიჩის გუნდს შეეძლო ნერვიულობის გარეშე დაესრულებინა დამატებითი დრო. ხორვატიამ ნავსი გატეხა და მასპინძელს მოუგო - ბალკანელები მესამედ შეხვდნენ ტურნირის მასპინძელს, აქამდე ხორვატები 1998 წელს საფრანგეთთან დამარცხდნენ, ხოლო 2014-ში ბრაზილიასთან.

მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერი ხორვატია იყო, ბურთის ფლობის უპირატესობა ამ გუნდს ჰქონდა, თუმცა პირველი გოლი მასპინძლებმა გაიტანეს - 31-ე წუთზე დენის ჩერიშევმა არტემ ძიუბასთან ბურთი გაითამაშა და საჯარიმოს მისადგომებიდან ცხრიანში ზუსტად გაუშვა ბურთი.

ხორვატიას რვა წუთი დასჭირდა ანგარიშის გასათანაბრებლად - მარცხენა ფლანგიდან მარიო მანჯუკიჩმა კარგი გადაცემა მიიღო, საჯარიმოსკენ შეიწია და კართან ახლოს უმეთვალყურეოდ მდგარი ანდრეი კრამარიჩი მოძებნა, რომელმაც თავური დარტყმით გაიტანა გოლი.

მე-60 წუთზე ხორვატიას გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა: სტრინიჩმა საჯარიმოში ჩაკიდა ბურთი და კრამარიჩმა ერთი შეხებით გადაწყვიტა გოლის გატანა, თუმცა ბურთი აეჭრა, სამაგიეროდ რუსებმა ერთმანეთს შეუშალეს ხელი და ბურთი ივან პერიშიჩს მიუვიდა, რომლის დარტყმული ძელს მოხვდა. 72-ე წუთზე კი მარიო ფერნანდეშმა საჯარიმოში ჩააწოდა და შეცვლაზე შემოსულმა ალექსანდრ ეროხინმა თავით არაზუსტად ითამაშა, თუმცა კარგ სიტუაციაში იყო და შეეძლო თავის გამოჩენა.

76-ე წუთზე კრამარიჩმა საჯარიმოში მანჯუკიჩს გაუკეთა გადაცემა, რომელმაც თავით დაუგდო ბურთი ლუკა მოდრიჩს, "რეალის" ნახევარმცველის დარტყმულს რუსები გადაეღობნენ, ბურთი ვრსალკოს მიუვიდა და რუსებმა საბოლოოდ შეძლეს სიტუაციის განმუხტვა

საბოლოოდ ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. მიუხედავად ხორვატიის აქტიურობისა და მომენტებისა, მასპინძლებმა მაინც შეძლეს დამატებით დროში თამაშის გადაყვანა. ბოლო 15 წუთი რუსებმა ფაქტობრივად აღნიშნული მიზნისთვის იბრძოლეს და მსაჯის სასტვენის შემდეგ მათი თავკაცი სტანისლავ ჩერჩესოვი კმაყოფილი იყო.

101-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე თავით დომაგოი ვიდამ ითამაშა და ხორვატია დააწინაურა. 111-ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებული ბურთი სუბაშიჩმა მოიგერია, თუმცა დასწრებაზე ყველას დალერ კუზიაევმა აჯობა და ძლიერი დარტყმით სცადა გოლის გატანა, თუმცა ბურთი პირდაპირ სუბაშიჩს მიუვიდა. 115-ე წუთზე კი ხორვატიამ თავი კარგად ვერ დაიცვა - პივარიჩმა რუსეთს ჯარიმა მოუტანა, რომელიც ალან ძაგოევმა ჩააწოდა, მეორე სართულზე კი მასპინძელთა ნატურალიზირებულმა მოთამაშემ მარიო ფერნანდეშმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

საბოლოოდ თამაში პენალტების სერიაში გადავიდა, სადაც ხორვატიამ 4:3 გაიმარჯვა. დალიჩის გუნდიდან თერთმეტმეტრიანი ზუსტად ბროზოვიჩმა, მოდრიჩმა, ვიდამ და რაკიტიჩმა შეასრულეს, ხოლო რუსეთის მხრიდან - ძაგოევმა, იგნაშევიჩმა და კუზიაევმა.

ხორვატია პირველად ნახევარფინალში 1998 წელს გავიდა, სადაც მასპინძელს საფრანგეთთან 1:2 დამარცხდა. ბალკანელებმა 20 წლის წინ საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავეს. ნახევარფინალში დალიჩის გუნდი ინგლისს შეხვდება, რომელიც საუკეთესო ოთხ გუნდს შორის ბოლოს 28 წლის წინ იყო. აღნიშნული ნაკრებების მატჩი 11 ივლისს მოსკოვში, "ლუჟნიკიზე" 22:00 საათზე დაიწყება.

რუსეთი - ხორვატია 1:1 (1:1) დ.დ (1:1) პენ (3:4)

სოჭი, "ფიშტი"

რუსეთი (4-2-3-1): აკინფეევი, ფერნანდეში, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, კუდრიაშოვი, კუზიაევი, ჩერიშევი (სმოლოვი 67), ზობნინი, გოლოვინი (ძაგოევი 102), სამედოვი (ეროხინი 54), ძიუბა (გაზინსკი 79)

მწვრთნელი: სტანისლავ ჩერჩესოვი

ხორვატია (3-4-3): სუბაშიჩი, ვრსალკო (ჩორლუკა 97), სტრინიჩი (პივარიჩი 74), ლოვრენი, ვიდა, რაკიტიჩი, მოდრიჩი, რებიჩი, მანჯუკიჩი, კრამარიჩი (კოვაჩიჩი 88), პერიშიჩი (ბროზოვიჩი 63)

მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი

გოლი: 1:0 ჩერიშევი (31), 1:1 კრამარიჩი (39), 1:2 ვიდა (101), 2:2 ფერნანდეში (115)

პენალტების სერია 3:4

რუსეთი: სმოლოვი, ძაგოევი, ფერნანდეში, იგნაშევიჩი, კუზიაევი

ხორვატია: ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი, მოდრიჩი, ვიდა, რაკიტიჩი

გაფრთხილება: ლოვრენი (35), სტრინიჩი (38), ვიდა (101), გაზინსკი (109), პივარიჩი (114)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმა 13(7) - 17(3): ბურთის ფლობა 36%-64%: კუთხურები 6-8: თამაშგარე 1-0:

მსაჯი: სანდრო რიჩი

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლუკა მოდრიჩი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161369