ფეხბურთი

0:07 | 30.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

U19: ევროპის ჩემპიონატის საოცრად დრამატული ფინალი (+VIDEO)

ფინეთში დასრულდა ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი. მაგარი ფინიში ჰქონდა ახალგაზრდულ ტურნირს, რომელსაც 1 წლის წინ საქართველომ უმასპინძლა. ფინალში ამჯერადაც გავიდა პორტუგალიის ნაკრები, რომელმაც 2017 წელს, გორში ინგლისელ თანატოლებთან წააგო.

ამჯერად, პატარა ლუზიტანებმა მოახერხეს სასურველი მიზნის მიღწევა და გაჩემპიონდნენ. ფინალურ მატჩში პორტუგალია იტალიას დაუპირისპირდა და ისეთი თამაში შედგა, არათუ 19-წლამდელთა ფინალს, არამედ ნებისმიერი რანგის შეხვედრას რომ დაამშვენებდა და შეეფერება... სანამ ფინალზე გეტყოდეთ, იქამდე აღვნიშნოთ, რომ ეს გუნდები ამავე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე 1 კვირის წინ წარსდგნენ ერთმანეთის წინაშე და მაშინაც მაგარი თამაში გამოვიდა. იტალიამ მოიგო 3:2.

დრამატული, ლამაზი ეპიზოდები, შეცდომები, სანახაობრივი ფეხბურთი – ეს ყველაფერი აჩვენეს პორტუგალიისა და იტალიის ნაკრებებმა სეინაიოკიში გამართულ ფინალში. პორტუგალიის ნაკრებში ბრწყინავდა შემტევი ჟოაო ფილიპე, იგივე ჟოტა, რომელიც “ბენფიკას” აკადემიაშია და ასე თუ გააგრძელა, მალე მისი სახელი უცხო აღარ იქნება. სხვათა შორის, ჟოაო ფილიპემ 1 წლის წინ საქართველოშიც ითამაშა და უგოლოდ არც ჩვენი ქვეყანა დაუტოვებია. ამჯერად კი, იტალია ორჯერ დაასაჩუქრა. ჯერ ტაიმის ბოლო წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო მერე, დამატებით დროში პორტუგალია კიდევ ერთხელ დააწინაურა.

საერთოდაც, ჟოაო ფილიპესა და ტრინკაოს გოლებით (რომელიც ასევე გამოსარჩევი იყო და არამხოლოდ გოლის გამო) პორტუგალია 72-ე წუთზე 2:0 იგებდა და თითქოს ტიტულიც ხელთ ჰქონდა. თუმცა, ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდმა მოისე კინმა, რომელსაც დიდი ეჭვი მაქვს, ბევრი თქვენგანი აქამდეც იცნობდა, 2 წუთიან ინტერვალში ყველაფერი თავდაყირა დააყენა. სხვათა შორის, კინი, რომელიც იტალიელთა ლიდერია და ამ ტურნირზე მანამდე 2 გოლიც ჰქონდა გატანილი, ძირითად შემადგენლობაში არ იყო. ოდენ მეორე ნახევარში გამოჩნდა მინდორზე. ჰოდა, თავისი სიტყვა კიდევ ერთხელ თქვა. 75-ე და 76-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა და “აძურინიმ” გაათანაბრა.

დაინიშნა დამატებითი დრო. 30 წუთიც სავსე იყო დრამატიზმით. ჯერ ჟოაო ფილიპემ დუბლი შეასრულა, თუმცა მალევე, სამ წუთში ჯანლუკა სკამაკამ თავურით გაათანაბრა. თითქოს საქმე პენალტების სერიამდე უნდა მისულიყო, მაგრამ პორტუგალიელთა მომდევნო შეტევა, იტალიელთა გოლიდან წუთნახევარში, შედეგიანი გამოდგა. ამჯერზე მოედანზე ახალი შესული და შესაბამისად, დასვენებული პედრო კორეია მარტივად გაუსწორდა დაღლილ იტალიელ მცველს და გაიტანა. საჩემპიონო გოლი გამოდგა, პორტუგალიამ ძალიან მაგარ ბრძოლასა და კიდევ უფრო გადასარევ თამაშში 4:3 გაიმარჯვა.

პორტუგალიის ნაკრებმა ამ ასაკში ორი ფინალი ითამაშა (2017 და ახლა), ხოლო იტალია ერთი წლის წინ საქართველოში არ ყოფილა. სამაგიეროდ, 2016 წელს, კილიან მბაპეს საფრანგეთთან წააგო ფინალი.

პორტუგალიელთა შორის, ჟოაო ფილიპე და ტრინკაო უპირველესად უნდა გამოვყოთ. იტალიელთაგან კი, სანდრო ტონალი და მოისე კინი. არც სხვები იქნებიან ალბათ უსაქმოდ და ახლო მომავალში თანამედროვე ფეხბურთი უფრო ახლოს გაგვაცნობს მათ შესაძლებლობებს...

იტალია – პორტუგალია 3:4 დ.დ (0:1)

სეინაოიოკი, “სეინაიოკი სთედიუმი”

იტალია (4-3-3): პლიცარი; ბელანოვა, ბეტელა, ძანადრეა, ტრიპალდელი (კანდელა 65); ფრატეზი, ტონალი (მარკუჩი 92), ძანიოლო; სკამაკა, პინამონტი (კინი 46), მელგონი (კაპონე 59)

მწვრთნელი: პაოლო ნიკოლატო

პორტუგალია (4-3-3): ვირჯინია; ტიერი კორეია, კორეია, კარმო, ვინაგრე; ნუნეში, ფლორენტინო, კინა (ნუნუ სანტუში 91); ტრიკაო (პედრო კორეია 101), ჟოზე გომესი (ჯუ 83), ჟოაო ფილიპე (მოურა 120)

მწვრთნელი: ელიო სოუზა

გოლები: 0:1 ჟოაო ფილიპე (45), 0:2 ტრინკაო (72), 1:2 კინი (75), 2:2 კინი (76), 2:3 ჟოაო ფილიპე (104), 3:3 სკამაკა (107), 3:4 პედრო კორეია (109)

გაფრთხილება: ძანიოლი (67), კინი (76), ჩეროფოლინი (76), ძანადრეა (79), ტონალი (92), ფრატეზი (115) – ჟოზე გომესი (71), ჟოაო ფილიპე (104), ნუნუ სანტუში (115)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (6) – 18 (11) კუთხურები: 10:9 თამაშგარე: 0:2 ჯარიმა: 20:21

მსაჯი: ხუან მარტინესი (ესპანეთი)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.141079