მსოფლიოს ყოფილმა მე-4 ჩოგანმა ფრანჩესკა სკიავონემ სახელოვანი კარიერა დაასრულა. 38 წლის იტალიელმა ჩოგბურთელმა შესაბამისი განცხადება ნიუ იორკში გააკეთა, სადაც ის აშშ-ს ღია პირველობის მატჩებს ესწრება.
მილანელმა სპორტსმენმა პროფესიული კარიერა 1998 წელს დაიწყო და ერთეულთა თანრიგში WTA–ს ეგიდით გამართული ტურნირების 8 ფინალი ჰქონდა წაგებული, სანამ 2007 წელს პირველ ტიტულს მოიგებდა.
ფრანჩესკამ კარიერის პიკს 2010 წელს უწია, როდესაც მსოფლიოს მე-17 ჩოგნის რანგში საფრანგეთის ღია პირველობაზე იმარჯვა. შედეგად, სკიავონე პირველი იტალიელი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც გრანდ სლემის შეჯიბრი მოიგო და ამასთან, მალევე რეიტინგის ტოპ ხუთეულში შეაღწია.
მას შემდეგ ფრანჩესკამ WTA–ს ეგიდით გრანდ სლემის ფინალში კიდევ ერთხელ ითამაშა და 4 ტურნირი მოიგო, მათ შორის, ერთი – შარშან და კარიერის დასრულებასაც მაშინ აპირებდა, თუმცა, ამ ნაბიჯის გადადგმა მცირედით გადასწია.
სკიავონეს იტალიის ნაკრებში ფედერაციის თასი 3-ჯერ აქვს მოგებული, გამოსულა ოლიმპიადაზე და წლის შემაჯამებელ ტურნირზეც. საინტერესოა ისიც, რომ ფრანჩესკას გრანდ სლემის ეგიდით მიჯრით 61 ტურნირზე (2000-2015) უთამაშია, რაც ქალთა ჩოგბურთში იაპონელი აი სუგიამას (62) შემდეგ, მეორე მაჩვენებელია.







