საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას დღეს ანდორაში ადგილობრივ ნაკრებთან ჩაატარებს. მატჩის დაწყებამდე სამ საათზეა ნაკლებია დარჩენილი, თუმცა, ქალაქში თითქმის არ იგრძნობა, რომ ფეხბურთია.
სტადიონის მიმდებარედ ქართველ გულშემატკივარს გადავაწყდით, რომელიც „ჯვაროსნების“ საქომაგოდ ანდორაში ბარსელონადან ჩამოვიდა. ბექა ნატროშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრები ქვეჯგუფში ზედიზედ მეხუთე გამარჯვებას მოიპოვებს:
„დარწმუნებული ვარ, რომ მოვიგებთ და მორიგ სამ ქულას მოვიპოვებთ. ძალიან კარგია, რომ პირველ ადგილზე ვართ და გახარებულები ვართ.
ვფიქრობ, ერთა ლიგა საჩვენოდაა შექმნილი, რადგან პირველადაა, რომ ზედიზედ ოთხი თამაში მოვიგეთ. იმედია, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც მოვახერხებთ გასვლას. ვლადიმირ ვაისს რაც შეეხება, კმაყოფილი ვარ მისი მუშაობით, რადგან ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცა შანსი და ჯერჯერობით წარმატებას აღწევენ.
ჩვენ ბარსელონადან ჩამოვედით ნაკრების საქომაგოდ. ვიცი, რომ ბევრი ქართველი დაესწრება დღევანდელ თამაშს და მხურვალე ქომაგობა იქნება“, - განაცხადა ჩვენთან საუბარში საქართველოს ნაკრების გულშემატკივარმა.
შეგახსენებთ, რომ ანდორისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის ანდორადან









