ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ინდურ ნავი მუმბაიში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე მე-3 მატჩიც ისე მოიგო, რომ მეტოქისთვის სეტში ორ გეიმზე მეტი არ დაუთმია და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ბოლქვაძემ საწყის რაუნდში მე-6 ნომრად განთესილ უკრაინელ ვალერია სტრახოვას 6:2, 6:2 სძლია, მერვედფინალში უზბეკ ნიგინა აბდურაიმოვას 6:1, 6:1 მოუგო, დღეს კი, კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – ფრანგი ჟული ჟერვაისი 6:1, 6:2 დაამარცხა.
უკვე ცნობილია, რომ ნახევარფინალში მარიამის მეტოქე მე-7 განთესვის მქონე ლატვიელი დიანა მარცინკევიჩა იქნება, რომელმაც გზიდან რუსი ვალერია სავინიხი, ბულგარელი ალეკსანდრინა ნაიდენოვა და ამერიკელი ჟაკელინ ჩაკო ჩამოიცილა.
26 წლის მარცინკევიჩა მსოფლიო რეიტინგში 277-ე ადგილზე იმყოფება, კარიერის პიკზე (196-ე) კი 2014 წელს იყო. რაც შეეხება ბოლქვაძეს, ის სარეკორდო 340-ე საფეხურზე სწორედ ამჟამად გახლავთ.







