პოპულარულმა პორტალმა Nbadraft.net იმ ევროპელ კალათბურთელებს, რომლებიც შესაძლოა, 2019 წლის დრაფტზე ვიხილოთ, სპეციალური წერილი მიუძღვნა. ძალიან სასიხარულოა, რომ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშეთა რეიტინგს 19 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე ლიდერობს, რომლის ბოლოდროინდელი პროგრესი ნამდვილად თვალსაჩინოა.
თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ Nbadraft.net-მა მისეული კლასიფიკაცია გუშინ საღამოს ანუ მაშინ გამოამზეურა, როდესაც ბითაძეს ევროლიგაში სადებიუტო შეხვედრა არ ჰქონდა ჩატარებული. იმის გათვალისწინებით, რომ გოგამ მონტენეგროულ “ბუდუჩნოსტს” ევროპული კალათბურთის უმთავრესი ტურნირის პირველივე შეხვედრაში 17 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება შესძინა, მისი აქციები კიდევ უფრო აიწევს...
აღნიშნულმა პორტალმა ევროპელი ბიჭები სამ კატეგორიად დაჰყო: ისინი, ვინც მუდმივად პროგრესირებენ, ვინც ერთ ადგილს ტკეპნის და ბოლოს კალათბურთელები, რომლებიც პირიქით დაბლა მიექანებიან.
ქართველი ლეგიონერი სწორედ უძლიერესთა კატეგორიას ლიდერობს და მას კვალში სეკუ დუმბია (საფრანგეთი, “ლიმოჟი”), ადამ მოკოკა (საფრანგეთი, “მეგა ბემაქსი”), კარიმ იალოუ (გერმანია, “ლუდვისგბურგი”), იოველ ზოოსმანი (ისრაელი, “მაკაბი”, თ-ა) და აბდულაიე ნდოიე (საფრანგეთი, “შოლე”) უდგანან.
იმ კალათბურთელებში, რომლებიც ბოლო პერიოდში ერთ ადგილას არიან “გაჭედილნი”, ლუკა სიმონიჩი (ხორვატია, “ოლიმპია”), ამინე ნოუა (საფრანგეთი, “ვილერბანი”), ვანია მარინკოვიჩი (სერბეთი, “პარტიზანი”), ლაურინას ბირუტისი (ლიტვა, “ჟალგირისი”), ბორისა სიმანიჩი (სერბეთი, “ცრვენა ზვეზდა”), ბლაზ მესიჩეკი (სლოვენია, “ოლიმპია”), გიტის მასიულისი (ლიტვა, “ნეპტუნასი”) და მარსელ პონიტკა (პოლონეთი, “არკა გდინია”) მოხვდნენ.
და იმ ბიჭებზეც ვთქვათ, რომლებზეც დიდი ავანსები გაიცემოდა, თუმცა, უკანასკნელ ხანს კი აშკარად მოუკლეს: პოლ ებუა (იტალია, “როზეტო”), ლუის ოლინდე (გერმანია, “ბროზე ბამბერგი”), კოსტია მუშიდი (გერმანია, “მეგა ბემაქსი”), მარკო სიმონოვიჩი (მონტენეგრო, “ოლიმპია”), ბერკე ატარი (თურქეთი, “ბანვითი”) და ელაია კლარენსი (შვედეთი, “სკაილაინერსი”).
აი, რას წერს Nbadraft.net ჩვენებურის შესახებ: “გოგა ბითაძე მთელი სეზონია შეუჩერებელია. ქართველ კალათბურთელს “მეგა ბემაქსში” სოლიდური სათამაშო დრო ეძლეოდა და მას ადრიატიკის ლიგაში შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა: 20.2 ქულა, 7.9 მოხსნა და 2.5 დაფარება მატჩში. მან საგრძნობლად მოუმატა ათლეტურობის მხრივ და გააფართოვა ტყორცნათა არეალი – კარგად უტევს პერიმეტრიდან.
ბითაძემ ამ შედეგს “მეგა ბემაქსთან” ერთად მიაღწია, თუმცა, რას იზამს უფრო მაღალ დონეზე, სულ მოკლე ხანში შევიტყობთ. ქართველმა ცენტრმა კონტრაქტი ევროლიგის მონაწილე “ბუდუჩნოსტთან” გააფორმა და ახალი გამოწვევები ელის. თუკი გოგამ ამ ასპარეზზეც იყოჩაღა, უდავოა, რომ მას ნბა-ს მომავალ დრაფტზე მინიმუმ პირველი რაუნდის ბოლოსკენ არჩევა გარანტირებული აქვს”.
შეგახსენებთ, რომ Nbadraft.net-ის ბოლო ვირტუალურ სადრაფტე რეიტინგში, რომელიც 17 დეკემბრით თარიღდება, ბითაძეს 24-ე ადგილი უკავია, ზემოთ ხსენებული დუმბია კი მეთექვსმეტეა. ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, დიდია შანსი, მომავალ დრაფტზე გოგას ევროპელთა შორის საუკეთესო ნომერი ჰქონდეს.









