დღეს, ქუთაისში დაიწყო ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას რიგით მე-14 მემორიალური ტურნირი. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კალათბურთელების ხსოვნის ტურნირი 2006 წლიდან იმართება, ბოლო 2 წელია კი მას ქორქია-საკანდელიძის მშობლიური ქალაქი ქუთაისი მასპინძლობს.
მემორიალის მონაწილე სუპერლიგის 8 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული. დღეს, პირველ ტურში, ყველა გუნდმა ითამაშა და თუკი ბოლო შეხვედრას არ ჩავთვლით, ყველა მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა. პირველ მატჩში ერთმანეთს “დინამო” და “ბათუმი” შეხვდნენ. შეხვედრის ბედი ბოლო ამებზე გადაწყდა. წააგო გუნდმა, რომელიც თითქმის მთელი თამაშის მანძილზე ლიდერობდა. ბთუმელებმა თითქმის მოგებული მატჩი წააგეს. შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე ზღვისპირელები 4 ქულით ლიდერობდნენ, თუმცა დინამოელთა სიზუსტისა და ბათუმელთა შეცდომების შედეგად დედაქალაქელებმა 70:80 იმარჯვეს.
“დინამოში” 22 ქულით საუკეთესო იყო ხორვატი ცენტრი დემაგოი ბუბალო. 18 ქულა მიითვალა ლვან გრძელიძემ, ჯორდან სვოპშირის ანგარიშზე კი 10 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. “ბათუმში” 21 ქულით ჯეისი შეპარდი გამოირჩა. 15 ქულა და 9 მოხსნა სტეფან ანდრეევიჩმა მოაგროვა, დეიან იეფტიჩის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.
მეორე შეხვედრაში ერთქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. “თსუ-ჰიუნდაიმ” დაძაბულ ბრძოლაში – 81:80 დაამარცხა “ოლიმპი”. მატჩის პერიოდები გუნდების მონაცვლეობითი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი ათწუთული “თსუ-ჰიუნდაიმ” 24:16 მოიგო, მეორე კი ოლიმპელთა უპირატესობით – 24:14 დასრულდა. მეორე ნახევარში პირიქით მოხდა. ჯერ “ოლიმპმა” მოიგო მესამე მეოთხედი (25:18), შემდეგ კი, მატჩის გადამწყვეტი პერიოდი თსუ-ჰიუნდაელთა სასარგებლოდ – 25:15 დასრულდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა საბოლოოდ 1 ქულით იმარჯვა.
თსუ-ჰიუნდაელებს ამერიკელმა გამთამაშებელმა, კრის ანდერსონმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა მიითვალა. 13 ქულა მოაგროვა რატკო პეტრიჩმა, ხოლო კოკა ტომარაძის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა. “ოლიმპში” 24 ქულით მარკ ოგდენი გამოირჩა. 19 ქულა რევაზ როგავამ მოაგროვა. ჩარლზ ბენეტმა ოლიმპელებს 12 ქულა მიაშველა.
მესამე მატჩში “დელტა” და “მგზავრები” დაუპირისპირდნენ. ეს შეხვედრაც დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. “მგზავრებში” ითამაშა ახალმა ლეგიონერმა, ამერიკელმა პრინს უილიამსმა, რომელმაც დებიუტი 23 ქულით აღნიშნა, თუმცა მისმა გუნდმა ბოლო წამებზე წააგო – 94:97. “დელტას” 2 ლეგიონერი აკლდა. კარგა ხნის წინ ტრავმირებულ არტიომ შვეცს ბოლო მატჩებია, უილიამ ბრანდენბერგი შეუერთდა, თუმცა “დელტა” მათ გარეშეც არ უჩივის შედეგებს. ლექსო ლაფანაშვილის გუნდი თასზე მეოთხედფინალში გავიდა, ქორქია-საკანდელიძის მორიალიც გამარჯვებით დაიწყო.
“დელტას” ბექა ბექაურმა ულიდერა, რომელმაც 22 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. 20 ქულა მიითვალა ოთარ ფხაკაძემ, ლაბა ლობჟანიძე კი გამარჯვებულებს 16 ქულით შეეწია. “მგზავრებსი” 29 ქულით საუკეთესო იყო ადრიან ბოუი. რეზო ჩაჩანიძემ 7 სამქულიანი და 26 ქულა ჩააგდო, ზემოთხსენებულმა პრინს უილიამსმა კი 23 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.
დღის ბოლო მატჩში ტურნირის მასპინძელი და გასული წლის გამარჯვებული “ქუთაისი” “კაკტუსს” დაუპირისპირდა და 15 ქულით დაამარცხა – 89:74. კაკტუსელები 3 პერიოდი ტოლ-სწორად ეთამაშებოდნენ მასპინძლებს და შანსსაც ინარჩუნებდნენ. ბოლო პერიოდის წინ “ქუთაისი” მხოლოდ 6 ქულით იგებდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებამდე მისვლა არ გასჭირვებია.
ქუთაისელთაგან 17 ქულით დეჟუან რაიტი გამოირჩა. 13 ქულა მოაგროვა საამა კალათურთელმა – ჯონათან ლიმ, ელჯეი ბუსმა და ტერენს ტომპსონმა. ამ უკანასკნელმა 10 მოხსნაც მიითვალა და მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. “კაკტუსში” 18 ქულით ბომბარდირი გახდა ნიკოლას ნილი. ანატოლი ბოისამ და დელანო სპენსრმა 14-14 ქულა მიითვალეს.
5 თებერვალს, ქუთაისის სპორტის სასახლეში მეორე ტურის 4 შეხვედრა გაიმართება.
მემორიალის მატჩების სტატისტიკა იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდის შესაბამის განყოფილებაში:
http://gbf.ge/tournament/sakandelidze-qorqia/schedule#mbt:275-303$t&0=1
www.gbf.ge









