ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გრძელლდება 18-წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა ჩემპიონატი, სადაც 21 გოგონა მონაწილეობს, ხოლო ჭაბუკებში პირველობისთვის 33 მოჭადრაკე იბრძვის.
4 ტურის თავზე ვაჟებში 3.5-3.5 ქულით ირაკლი ბერაძე (2332) და ალექსანდრე ებრალიძე (2027) ლიდერობენ, რომლებიც მომდევნო ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. წინ გაჭრილებს 0.5 ქულით ჩამორჩებიან ნოე თუთისანი (2058), ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (2105), გიგლა ბენიძე (1988), ნიკა ღვამბერია (2006), ლუკა ლიჩელი (1709) და თემურ ოთხოზორია (1742).
გოგონებში 3.5 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა მარიამ ჭოლაძე (1909), რომელიც მე-5 ტურში ანა შამათავას (2119) დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელის მონაგარი 3.0 ქულაა. ასეთივე მაჩვენებელი აქვთ ნატო იმნაძეს (2073), ნანი უნაქფოშვილს (2023), ანა კუჭავას (2047) და ნინო დახუნდარიძეს (1708).
ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს, დროის კონტროლი კი ასეთია: ყოველ პარტიაზე მონაწილეებს ეძლევათ 90 წუთი 40 სვლაზე, ხოლო შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
ჩემპიონატი 9 ტურად მიმდინარეობს და 10 თებერვალს დასრულდება, პირველ-მეორე ადგილოსნები კი პრიზებთან ერთად, შესაბამისად, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების საგზურებს მიიღებენ. ამასთან, ათეულში გასულ მოჭადრაკეებს უფლება მიეცემათ მსოფლიოს თუ ევროპის პირველობებზე მონაწილეობა საკუთარი ხარჯებით მიიღონ.







