დრამატულად წარიმართა საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ჩემპიონატის ბოლო ტური. ასპარეზობის ლიდერმა ნატო იმნაძემ (2073) ადა ქაქუთიასთან (1794) შეხვედრაში მოულოდნელი მარცხი განიცადა და მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის საგზურის გარეშე დარჩა.
სამაგიეროდ, ლიდერის უახლოესმა კონკურენტმა ნანი უნაფქოშვილმა (2023) მეტოქე უპრობლემოდ დაამარცხა და 18-წლამდე ასაკის გოგონათა შორის ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. თითქმის უიმედო პოზიციაში გაიმარჯვა ანა კუჭავამაც (2047) და ევროპის პირველობის საგზური დაისაკუთრა.
გოგონებისგან განსხვავებით მოულოდნელი შედეგები არ დაფიქსირებულა ჭაბუკთა დასკვნით ტურში და თითქმის, ყველა ლიდერმა მოგება იზეიმა. შედეგად, პირველი ადგილი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა და პრიზიორმა ნიკოლოზ ქუმსიაშვილმა (2105) დაიკავა.
II–IV ადგილები გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატის საგზური ალექსანდრე ებრალიძემ (2027) მოიპოვა.
ჩემპიონატის მსვლელობისა ჭადრაკის ფედერაციის Facebook-ის გვერდზე “მის” და “მისტერ”-მონაწილეები გამოავლინეს. ნომინაციაში გამარჯვებულ დეა გოგიშვილს (1897) და შალვა ნადირაშვილს (2167) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის გიორგი გიორგაძის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ.
www.gcf.org.ge-ს ფოტოები







