ესპანური “ლაბორალ კუჩას” ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ვარჯიში განაახლა. შეგახსენებთ, რომ “თოკო” სექტემბრის დასაწყისში სანაკრებო მატჩისას დაშავდა და კარგა ხანი მხოლოდ ყავარჯნების დახმარებით გადაადგილდებოდა, ახლა კი, მძიმე დროება უკან დარჩა.
ბასკური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, შენგელიამ უკვე ფიზიკური დატვირთვები და ბურთთან ვარჯიშიც დაიწყო, რასაც შესაბამისი ფოტოებით და ვიდეოც თან ახლავს. ჩინებულ ხასიათზე იმყოფება თავად თორნიკეც, რომელიც დიდი ალბათობით, მწყობრში დაგეგმილზე ადრე ჩადგება.
“თავს გაცილებით უკვე ვგრძნობ. უფლება რომ მქონდეს, მოედანზე ახლავე გავიდოდი. დიდი მადლობა, გუნდის ფიზიოთერაპევტებს – ასიერ უგარტეს და დავიდ ურბანოს, რომელთაც მართლაც ფანტასტიური სამუშაო გასწიეს. ვგრძნობ, რომ ყოველდღიურად უკეთეს ფორმაში შევდივარ. იმედი მაქვს, ჩინებული სეზონი გვექნება. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის შემადგენლობა 80%-ით შეიცვალა, ვფიქრობ, წარმატებას უნდა მივაღწიოთ”, - აღნიშნა შენგელიამ.
ცნობისთვის, ესპანეთის ჩემპიონატი სტარტს 4 ოქტომბერს აიღებს, “ლაბორალ კუჩას” კი პირველივე ტურში ურთულესი გამოცდა ელის, რადგანაც “ბარსელონას” ესტუმრება.
https://www.youtube.com/watch?v=0zUinsSnLC4&feature=youtu.be







