ფეხბურთი

2:33 | 6.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსმა" ტრიპლეტისთვის პირველი გამოცდა წარმატებით ჩააბარა

ამსტერდამის „აიაქსი“ ტროპლეტისკენ მიიწევს. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ამისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა და ჰოლანდიის თასი მოიგო. როტერდამში, ისტორიული მტრის საშინაო არენა „დე კუიპზე“ გამართულ ფინალურ შეხვედრაში „აიაქსის“ მეტოქე მოკრძალებული, „ვილემ II“ გახლდათ.

რაღა თქმა უნდა, ამსტერდამული გრანდი გამოკვეთილი ფავორიტი გახლდათ და გამარჯვება არც გასჭირვებია. ტენ ჰაგის საოცარი ბიჭები შეხვედრას სრულად აკონტროლებდნენ და დამსახურებულად იმარჯვეს - 4:0.

პირველი ტაიმის მიწურულს ორწუთიან ინტერვალში დელეი ბლინდმა და კლაას იან ჰუნტელაარმა ყველაფერი გადაწყვიტეს, ხოლო მეორე ნახევარში ჯერ ჰუნტელაარმა შეასრულა დუბლი, მერე კი კრისტენსენმა ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა - 4:0.

„აიაქსმა“ ჰოლანდიის თასი 2010 წლის შემდეგ პირველად, ხოლო ისტორიაში მე-19-ედ მოიგო. სეზონის ტრიპლეტით დასრულებისკენ სვლა კი გრძელდება. ახლა ამსტერდამელებს ჩემპიონთა ლიგა და ერედივიე აქვთ მოსაგები.

ევროარენაზე „აიაქსი“ ფინალთან ძალიან ახლოსაა, რადგან „ტოტენჰემი“ ლონდონში ჰყავს დამარცხებული (1:0), ხოლო ჩემპიონატში სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე პსვ ეინდჰოვენთან ერთად თანაბარი ქულებით პირველ-მეორე ადგილს იყოფს. თუმცა, ნიშანდობლივია, რომ „აიაქსი“ პსვ-სთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას ფლობს და თუ დარჩენილ ტურებში ქულებით არ ჩამორჩა, ჩემპიონი გახდება - ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.

„ვილემ II“ – „აიაქსი“ 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 ბლინდი (38), 0:2 ჰუნტელაარი (39), 0:3 ჰუნტელაარი (67), 0:4 კრისტენსენი (76)

თეგებიაიაქსი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166612