დრამატული მატჩი შედგა საფრანგეთის მესამე ლიგის (National) პლეი-ოფში, სადაც ლგა 2-ში გადამსვლელი გუნდის ვინაობა გაირკვა. ფინალის ორრაუნდიან ბრძოლაში „გაზელეკ აიაჩო“ „ლე მანს“ დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა კორსიკელებმა სტუმრად 2:1 მოიგეს და ახლოს იყვნენ ლიგა 2-ის საგზურთან.
თუმცა, მთავარი მოვლენები წინ იყო. „სტად ანჟე კაზანოვაზე“ ანგარიში „ლე მანის“ ფეხბურთელმა რემი ბოისემ 73-ე წუთზე გახსნა. მიუხედავად ამისა, 0:1 მარცხი მაინც „გაზელეკის“ წისქვილზე ასხამდა წყალს.
მსაჯის კომპენსირებულ მე-7 წუთზე კი ყველაფერი თავდაყირა დადგა. მამადუ სორომ მეორე გოლი გაიტანა, „ლე მანმა“ 2:0 მოიგო (ორი მატჩის ჯამში 3:2) და ლიგა 2-ში აღზევდა. რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებული იყო, იმდენად შედევრალური დარტყმა შეასრულა სორომ, რომელმაც ფანტასტიკური „მაკრატელა“ დარტყმით თავისი გუნდი ერთი დივიზიონით დააწინაურა...
ულამაზესი გოლი და თამაშის დასრულება და ერთი იყო, თუმცა მერე ბრძოლა გულშემატკივრებს შორის გაგრძელდა, რომლებმაც ჩხუბი გააჩაღეს.





