პირველი ლიგის მესამე ტური ავჭალაში, ‘დევებისა’ და სტეფანწმინდას ‘ყაზბეგის’ შეხვედრით დაიწყო. ლიგის ორივე დებიუტანტი სეზონის პირველ გამარჯვებას ეშურებოდა და მატჩიც მოსალოდნელისამებრ დაძაბული და უშეღავათო გამოდგა...
ქვეყნის 6-გზის ჩემპიონ ‘ლელოსთან’ შეამხანაგებული ‘ყაზბეგი’ თამაშის ხარისხს მეთოდურად აუმჯობესებს. გუნდის მთავარ მწვრთნელ გოჩა ჩქარეულს ‘ლელო’ დიდ დახმარებას უწევს, როგორც მოთამაშეებით, ასევე კონსულტანტი სპეციალისტებით. ჩქარეულს გუნდის გაძღოლაში ლადო ქიზიყურაშვილი ეხმარება, ‘ლელოს’ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე, მოხევური ფესვების მქონე მიშა სუჯაშვილი მოცალეობისას ‘ყაზბეგის’ ვარჯიშებს ესწრება და ფასეულ რჩევებთან ერთად, გუნდის შემადგენლობის კომპლექტაციაშიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობს. ‘ყაზბეგის’ პირველ ლიგაში აღზევებამ, ადგილობრივი ბავშვების რაგბის მიმართ ინტერესი და სიყვარული მეტად გაზარდა. გოჩა ჩქარეულის დიდი ძალისხმევის შედეგად სტეფანწმინდაში ამჟამად 2 საფესტივალო ასაკის გუნდი ფუნქციონირებს, ხოლო რეგიონის მთავარ გუნდის შემადგენლობის ნახევარს მოხევეები შეადგენენ. ამ ეტაპზე ‘ყაზბეგის’ ‘აქილევსის ქუსლად’ სტეფანწმინდაში ლიგის საშინაო შეხვედრების ჩატარება რჩება, რაც ქვეყნის სტრატეგიულ რეგიონში რაგბის პოპულარიზაციასა და განვითარებას ხელს დიდად შეუწყობს. აღსანიშნავია, რომ სალიგო მატჩების მასპინძლობისთვის სტადიონის სათანადო მოწყობას მიზერული თანხა ჭირდება და ჩქარეულიც ადგილობრივი ხელისუფლების დროული დახმარების იმედს არ ჰკარგავს.
სეზონის დებიუტში 2 „მშრალი“ ანგარიშით განცდილმა მარცხმა გოჩა ჩქარეულის შეგირდებს მოტივაცია და გამარჯვებისკენ სწრაფვა გაუორმაგა. ‘დევებთან’ ტაიმის მიწურულს, მოხევეებს პირველი სამატჩო ქულები მხტომელ იაგო გელაძის ლელომ მოუტანა, რომელიც ფულბეკმა გიორგი ასათიანმა გარდასახა. ზუკა შენგელიას შეგირდებმა გაიბრძოლეს და მეორე ტაიმის დასაწყისში მხტომელ თორნიკე ხმელიძის დადებული ლელო მგეზავმა დავით ფურცელაძემ გარდასახა, მანვე მანამდე ჯარიმაც გაიტანა და საკუთარი გუნდი 3-ქულიანი სხვაობით დააწინაურა. მორიგი მარცხის საშიშროებამ ‘ყაზბეგი’ დროულად გამოაფხიზლა. მოხევეები სტატიკაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, უფრო სწრაფად და მწვავედ უტევდნენ. ლელოს დადება ჯერ მარქაფადან ჩართულმა ჰავბეკმა ნოშრევან ფაფიაშვილმა მოახერხა, მატჩის ბოლო წუთზე კი საკუთარი 22-დან წამოღებული ოვალი ლელოდ გიორგი ასათიანმა აქცია. ‘ყაზბეგის’ ფულბეკმა მახვილი კუთხიდან თავადვე გარდასახა, რითაც მოხევეების ისტორიული გამარჯვება დააფიქსირა და თან ‘დევებს’ ნუგეშის აღების შანსიც მოუსპო 19:10. სატურნირო ცხრილში ‘ყაზბეგი’ პირად სარეკორდო მე-6 ადგილზე განთავსდა.
ოზურგეთის ‘არწივებისა’ და სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ შეხვედრას ფოთმა უმასპინძლა. ოზურგეთის სტადიონზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, გურულები საშინაო შეხვედრებს დროებით რეგიონს მიღმა მართავენ.
პირველ ტაიმში თამაშს სრულად მესხები აკონტროლებდნენ, რასაც ‘ტაოს’ მგეზავ მურთაზ ჩიხლაძის 6 გატანილი ჯარიმა მოჰყვა. სტუმართა პივოტმა მეორე ნახევრის დასაწყისში მორიგი ჯარიმით საკუთარი გუნდის უპირატესობა 18 ქულამდე გაზარდა. ამის შემდეგ უპირატესობას ‘არწივები’ დაეფლნენ და შეხვედრის ერთადერთი ლელო გურულების ჰუქერ გიორგი ბეჟანიძის ანგარიშსზეა. მგეზავ მამუკა ჩანჩიბაძის გარდასახვითა და გატანილი ჯარიმით ‘არწივებმა’ ჩამორჩენა 10:21-მდე შეამცირეს, თუმცა მატჩის დასკვნით ნაწილში გაცუდებული 2 სალელოვე შეტევის გამო, სეზონში პირველი მარცხი იწვნიეს და თან ნუგეშის გარეშე დარჩნენ. მალხაზ ჭეიშვილის შეგირდებმა კი მიჯრით მე-3 გამარჯვების შემდეგ ლიდერთა შორის, მოწინავე კვარტეტში პოზიცია გაიმყარეს.
‘ომის მრისხანე ღმერთის’ მრისხანება თავს ამჯერად ‘დინამოს’ დაატყდა. ‘შევარდენზე’ რიონისპირელებმა ლევან რამიშვილის შეგირდებს 9 უპასუხო ლელო დაუდეს და მასპინძლები სოლიდური სხვაობით 57:0 დაამარცხეს. კარგად დაკომპლექტებული სტაფისა და შემადგენლობის მქონე ‘არესმა’ სეზონის სამივე შეხვედრა ‘მშრალი’ ანგარიშით მოიგო, რაც ლიგის ისტორიის რეკორდი გახლავთ. საუცხოო სპორტულ ფორმაში მყოფი სერგო ფრუიძის შეგირდები ყველა მეტოქეს მაქსიმალური ყურადღებით ეკიდებიან და სრულად იხარჯებიან, რითაც რიონისპირელები სასურველ ტონუსს ინარჩუნებენ და დიდ 10-საც რეალურად უმიზნებენ.
‘არესი’ სტატიკაში დომინირებდა და ღია თამაშშიც დიდ უპირატესობას ფლობდა. თერნოვერთა სიუხვე რომ არა, რიონისპირელები შეხვედრას კიდევ უფრო სოლიდური სხვაობით მოიგებდნენ 57:0. ‘სერჟის’ ბიჭებმა მთლიანობაში 9 ლელო მიითვალეს. პირველ ტაიმში მხტომელმა თორნიკე შუბითიძემ წყვილი ლელო გაიტანა. მეორე ნახევარში კი მარქაფადან ჩართულმა გიგა კობახიძემ ბენეფისი მოიწყო. ‘არესის’ 18 წლის ბურჯმა ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულა და კარიერაშიც ჯერჯერობით საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.
ელიტაში დაბრუნების კიდევ ორმა პრეტენდენტმა, ‘ვეფხვებმა’ და ‘არმიამ’ პრემიათა თანხლებით იოლ წარმატებას მიაღწიეს. გარე კახელებმა ‘ბაგრატს’ ქუთაისში 11 ლელო დაუდეს და 67:5 იმარჯვეს. მეტოქეთა კლასში არსებული სხვაობა თვალშისაცემი გახლდათ, რაც მატჩის ანგარიშსზეც აისახა.ზვიად ცუხიშვილმა და ზურა ამონაშვილმა თავის გამოჩენის შესაძლებლობა მარქაფაში მყოფ ყველა მოთამაშეს მისცეს. ‘ვეფხვების’ მღლეტელმა ანრი გორდაშვილმა ‘დუბლი’ შეასრულა. მეორე ტაიმში რიონისპირელთა კაპიტანმა, ჰუქერმა ლაშა ჭელიძემ პრესტიჟის ლელოს გატანა მოახერხა.
‘შევარდენზე’ ‘არმიამ’, ‘ივერია ვარკეთილთან’ შეხვედრაში 102 ქულა დააგროვა. ‘ლეონსიოს’ შეგირდთაგან აღსანიშნავია მარჯვენა ფრთა გიორგი ბრაჭული, ვინაც პირად აქტივში ‘ჰეთ-თრიკი’ მიითვალა. ჯარმა მთლიანობაში მეტოქეს 16 ლელო დაუდო. ‘ივერიამ’ საწადელს მატჩის ბოლო წუთზე მიაღწია. ბურჯ ილია ტაბატაძის გატანილმა ლელომ შეხვედრის საბოლოო ანგარიში 102:10 დააფიქსირა.
3 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს მაქსიმალური 15-15 ქულით სათავეში ჩემპიონატის ფავორიტები: ‘არესი’, ვეფხვები’ და ‘არმია’ უდგანან. ლიდერთა მსგავსად სამივე შეხვედრა ‘ტაომაც’ მოიგო, თუმცა პრემია მხოლოდ ერთ შეხვედრაში აიღო და მესხები 13 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფებიან.
site.rugby.ge







