ერთა ლიგის D დივიზიონში საქართველოს ნაკრების პოტენციური კონკურენტის, კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა აგიმ ადემიმ ნიონში ჩატარებული წილისყრა შეაფასა.
მიუხედავად იმისა, რომ კოსოვო დივიზიონში ერთადერთი ნაკრებია, რომელსაც ორივე მატჩის ჩატარება (თუ ფინალში გავა) სტუმრად მოუწევს, ადემი ოპტიმისტურადაა განწყობილი.
„ორივე თამაშის სტუმრად ჩატარება მოგვიწევს, ჯერ მაკედონიაში, შემდეგ ფინალი საქართველოში ან ბელარუსში. მიუხედავად ამისა, არ გვეშინია, თუმცა გვინდოდა, რომ ფინალი პრიშტინაში ჩვენი ხალხის წინაშე გვეთამაშა. ყველაფრის მიუხედავად ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენს ოცნებას და მე დარწმუნებული ვარ ფეხბურთელების, სამწვრთნელო შტაბის ხარისხში. ჩვენმა ნაკრებმა დაამტკიცა, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. შესაბამისად, ვაგრძელებთ მუშაობას და გვჯერა, რომ ორივე თამაშს მოვიგებთ“, - თქვა ადემიმ.
შეგახსენებთ, ერთა ლიგის ნახევარფინალები 26, ხოლო ფინალი 31 მარტს გაიმართება.









