საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ მაკედონიური “მზტ სკოპიე აეროდრომის” მაისურით ჩატარებულ პირველივე მატჩში ორმაგი დუბლი მიითვალა.
ქართველი უკანახაზელის ახალი კლუბი ადრიატიკის ლიგის ეგიდით სერბეთში “მეგა ვიზურას” ესტუმრა და ოვერტაიმში 95:103 წააგო. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები 13 ქულით მარცხდებოდნენ და ცინცაძის დიდი დახმარებით, “საქმის გარჩევა” დამატებით ხუთწუთეულში გადაიყვანეს, თუმცა, გიორგიმვე ბოლო წამებზე 2 საჯარიმო ააცილა.
საბოლოოდ, ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 38:21 წუთი დაჰყო (ცხადია, სასტარტო ხუთეულში იყო) და 13 ქულა, 10 პასი, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ცინცაძემ 4-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი მხოლოდ 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, ერთხელვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.
გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 20-ს უწია, რითაც იგი თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ მარკო სიმონოვსკის ჩამორჩა. მაკედონიის ნაკრების კალათბურთელმა 13-დან 9 (!) სამქულიანი ჩააგდო და თამაში 28 ქულით დაასრულა.
“მზტ სკოპიე აეროდრომს” ადრიატიკის ლიგაში მორიგი მატჩი 7 ოქტომბერს შინ ხორვატულ “ზადართან” ელის, 10-ში კი ჩერნოგორიულ “ბუდუჩნოსტს” ესტუმრება. ცინცაძის კლუბი მაკედონიის ჩემპიონატში პირველი მატჩს 11 ოქტომბერს “ფენი ინდისტრია კავადარჩისთან” ჩაატარებს.







