იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურის მეორე სათამაშო დღე უხვგოლიანი გამოდგა - 5 მატჩში 28 გოლი გავიდა, რაც თავისთავად ძალიან მაღალი შედეგია.
„რომამ“ ფილიპო ინძაგის „ბენევენტოს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ გაუჭირდა და ადვილად მოუგია, საბოლოო ჯამში მაინც დიდი ანგარიშით იმარჯვა. არადა, თამაშიდან გამომდინარე „ჯალოროსის“ სანერვიულო არ აკლდა და უკვე მე-4 წუთზე აგებდა. პირველ ტაიმში პედრომ და ედინ ჯეკომ რომაელებს უპირატესობა მოუტანეს, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე სტუმრებმა გაათანაბრებს და „რომა“ ისევ რთულ დღეში აღმოჩნდა. მატჩის ბოლო ნაწილში პაულუ ფონსეკას შეგირდებმა მეტოქე მაინც გატეხეს და სამჯერ დაამწუხრეს. „რომამ“ 7 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში წინ წაიწია, ხოლო ინძაგის „ბენევენტოს“ ცუდი სტარტი სულაც არ აქვს - 6 ქულა დააგროვა.
სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო „სასუოლომ“, რომელსაც უკვე 10 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა! რობერტო დე ძერბის გუნდს რთული საგარეო მატჩი ჰქონდა ბოლონიაში, სადაც ერთი საათის თავზე ორბურთიანი სხვაობით აგებდა, მაგრამ ბოლომდე ბრძოლამ შედეგი გამოიღო და საბოლოოდ 4:3 იმარჯვა. „სასუოლოს“ ქულებით მხოლოდ „მილანი“ უსწრებს, ხოლო გატანილი გოლებით „ატალანტა“. ეს შესანიშნავი შედეგია გუნდისთვის, რომლისგანაც განსაკუთრებულს არასდროს ელიან.
ფლორენციის „ფიორენტინა“ დებიუტანტ „სპეციას“ ესტუმრა და საწყის 4 წუთში ორი გოლი გაიტანა. მიუხედავად ამისა, „იებმა“ ერთობ სოლიდური და სწრაფად მოპოვებული უპირატესობა ქარს გაატანეს და მხოლოდ ქულას დასჯერდნენ - 2:2.
საშინლად დაიწყო სეზონი „ტორინომ“, რომელიც სამი ტურის თავზე უქულოდაა. ტურინულ გუნდს ბოლოს მსგავსი ცუდი შედეგი 2002-2003 წლების სეზონში ჰქონდა და გავარდა კიდეც. ვნახოთ ახლა რა იქნება, ფაქტია, „ხარებს“ ძალიან უჭირთ და ანდრეა ბელოტის ორი გოლი „კალიარისთან“ შინ ქულის მოსაპოვებლადაც არ გამოდგა საკმარისი.
ზედიზედ სამი წაგების შემდეგ „უდინეზემ“ სეზონში პირველად მოიგო, შინ „პარმასთან“ დრამატულ ბრძოლაში 3:2 და ოდნავ ამოისუნთქა. ეს მატჩიც დრამატული იყო და უდინელებმა გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე გაიტანეს. სერია A-ს მეოთხე ტური დღეს, „ვერონასა“ და „ჯენოას“ დაპირისპირებით დასრულდება.
„ბოლონია“ – „სასუოლო“ 3:4 (2:1)
გოლები: 1:0 სორიანო (9), 1:1 ბერარდი (18), 2:1 სვანბერგი (39), 3:1 ორსოლინი (60), 3:2 ჯურიჩიჩი (64), 3:3 კაპუტო (70), 3:4 ტომისაუ (77, ა.გ)
„სპეცია“ – „ფიორენტინა“ 2:2 (1:2)
გოლები: 0:1 პეცელა (2), 0:2 ბირაგი (4), 1:2 ვერდე (39), 2:2 ფარიასი (75)
„ტორინო“ – „კალიარი“ 2:3 (1:2)
გოლები: 1:0 ბელოტი (4, პენ), 1:1 ჟოაო პედრო (12), 1:2 სიმეონე (19), 2:2 ბელოტი (49), 2:3 სიმეონე (73)
„უდინეზე“ – „პარმა“ 3:2 (1:1)
გოლები: 0:1 ერნანი (26), 1:1 სამირი (28), 2:1 იაკოპონი (52, ა.გ), 2:2 კარამო (70), 3:2 პუსეტო (88)
„რომა“ – „ბენევენტო“ 5:2 (2:1)
გოლები: 0:1 კაპრარი (5), 1:1 პედრო (31), 2:1 ჯეკო (35), 2:2 ლაპადულა (55), 3:2 ვერეტუ (69), 4:2 ჯეკო (77), 5:2 პერესი (89)






