ავტოსპორტი

1:10 | 30.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა ცეცხლოვანი ბაჰრეინის დიდი პრიზიც მოიგო

ლუის ჰამილტონმა რომ დღეს მორიგი რბოლა მოიგო, ეს ბაჰრეინის დიდი პრიზის რბოლის მთავარი ამბავი არ იყო! მსოფლიოს უკვე შვიდგზის ჩემპიონის გამარჯვებებს იმდენად მივეჩვიეთ, რომ თავისუფლად შეგვიძლია, მისი მორიგი მოგება უკანა პლანზე გადავდთ. დღევანდელ რბოლაში მთავარი ის იყო, რომ ფორმულა 1 ტრაგედიას გადაურჩა!

სტარტიდან ორიოდე მოსახვევის შემდეგ, რომენ გროჟანის „ჰაასი“, დანიილ კვიატის „ალფატაურისთან“ მცირე კონტაქტით მართვადაკარგული, დამცავ ზღუდეს შეასკდა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანა კოკპიტის და ძრავის გადაბმის ადგილზე, შუაზე გაგლიჯა. კოკპიტმა პილოტთან და საწვავის ავზთან ერთად, დამცავი რელსები გაარღვია და მოულოდნელად აალდა.

ფრანგმა პილოტმა, ცეცხლში გახვეული მანქანის ნარჩენი დამოუკიდებლად დატოვა და განგრეულ ზღუდესაც დაუხმარებლად გადმოახტა. შეიძლება ითქვას, რომ მისი თავი დაზიანებისგან ჩაფხუტთან ერთად, იმ დამცავმა რკალმაც დაიცვა, რომელიც „ჰალოს“ სახელითაა ცნობილი. სამედიცინო სამსახურმა ყოველი შემთხვევისთვის, გროჟანი მანამას ჰოსპიტალში გადაიყვან, სადაც გამოკვლევა ჩაუტარდა.

მოგვიანებით კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა და მასშიც რუსი პილოტი მონაწილეობდა. ამჯერად მას ლანს სტროლი დაეჯახა, რომლის „რეისინგ პოინტიც“ თვალის დახამხამებაში ამოტრიალდა და ასფალტზე თავდაყირა დაეცა. ბედად, კანადელი მრბოლი ტრავმას გადაურჩა და მან კოკპიტი დამოუკიდებლად დატოვა. ამჯერადაც, პილოტის ჯანმრთელობა „ჰალომ“ დაიცვა, რომლის მარჯვენა ნაწილმაც დარტყმის ძალის დიდი წილი მიიღო.

მესამე ინციდნტი კი რბოლის მიწურულს მოხდა. ამჯერად მანქანებს შორის კონტაქტი არ ყოფილა. სერხიო პერესის „რეისინგ პოინტის“ ძრავი მწყობრიდან გამოვიდა. მისგან დაღვრილ ზეთს ცეცხლი წაეკიდა და მექსიკელმა ასე ცეცხლმოდებული მანქანით, რამდენიმე ასეული მეტრი გაიარა. ბედად, ისიც დაზიანებას გადაურჩა. მაგრამ ინციდენტის გამო, გარანტირებული მესამე ადგილი დაკარგა.

რაც შეეხება ჰამილტონს, მან კარიერაში 95-ე გამარჯვება იზეიმა. ამასთან, ეს იყო ბოლო ხუთ რბოლაში მეხუთე, სეზონში კი მე-11 მოგება.

ბაჰრეინის დიდი პრიზი

სახირი, დისტანცია 308.238 კმ (5.412 კმ, 57 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 2:59.47.515
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1.254
  3. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 8.005
  4. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 11.337
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 11.787
  6. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 11.942
  7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 19.368
  8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 19.680
  9. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 22.803
  10. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1 წრე
  11. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 1 წრე
  12. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1 წრე
  13. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1 წრე
  14. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  15. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  16. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  17. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  18. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 4 წრე
  19. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 54 წრე
  20. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 57 წრე

უსწრაფესი წრე: მაქს ფერსტაპენი - 1:32.014 (48-ე წრე, 211.741 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 332 ქულა (ჩემპიონი); 2. ვალტერი ბოტასი - 201; 3. მაქს ფერსტაპენი - 189; 4. დანიელ რიკარდო - 102; 5. სერხიო პერესი - 100; 6. შარლ ლეკლერი - 98; 7. ლანდო ნორისი - 86; 8-9. კარლოს საინსი და ალექს ალბონი - 85; 10. პიერ გასლი - 71; 11. ლანს სტროლი - 59; 12. ესტებან ოკონი - 42; 13. სებასტიან ფეტელი - 33; 14. დანიილ კვიატი - 26; 15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რეისინგ პოინტი) - 10; 16-17. კიმი რაიკონენი და ანტონიო ჯოვინაცი - 4; 18. რომენ გროჟანი - 2; 19. კევინ მაგნუსენი - 1; 20-21. ჯორჯ რასელი და ნიკოლას ლატიფი - 0.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 533 ქულა (ჩემპიონი); 2. რედ ბულ-ჰონდა - 274; 3. მაკლარენ-რენო - 171; 4. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 154; 5. რენო - 144; 6. ფერარი - 131; 7. ალფატაური-ჰონდა - 97; 8. ალფა რომეო-ფერარი - 8; 9. ჰაას-ფერარი - 3; 10. უილიამს-მერსედესი - 0.

0.095666