ჩოგბურთი

2:55 | 16.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ბარტი მეოთხედფინალშია

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ეშლი ბარტიმ მეოთხე წრე იოლად გაიარა, ამერიკელ შელბი როჯერსს 6-3 6-4 მოუგო და ზედიზედ მესამედ გავიდა ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში.

ბარტის არ უყვარს, როცა მასზე ავსტრალიელები იმის იმედს ამყარებენ, რომ ბოლო 43 წელიწადში, ტურნირის პირველი ადგილობრივი ჩემპიონი გახდება. თუმცა საქმით სწორედ აქეთ მისწრაფვის და თან ისე, რომ ჯერ სეტიც არ წაუგია.

„სასიამოვნოა, რომ დიდი სლემის მეოთხედფინალში ისევ გავედი. თან აქ, ავსტრალიაში. მაგრამ ჩემი ფორმით კმაყოფილი არ ვარ. მთავარია გავაგრძელო და ყველაფრის სწორად გაკეთებას ვეცადო“, - განახცადა 24 წლის ბარტიმ, ვისაც 2019 წელს საფრანგეთის ღია პირველობა აქვს მოგებული. მისი მომდევნო მეტოქე, ჩეხი კაროლინა მუჩოვაა.

როჯერსს დიდი სლემის ტურნირების მეოთხედფინალში ორჯერ აქვს ნათამაშები და მაღალი რანგის მეტოქეების დამარცხებაც ეხერხება, მაგრამ ბარტის მოწოდაბასა და ძლიერ დარტყმებს ვერაფერი მოუხერხა. ავსტრალიელი მოწოდებაზე დარტყმის მიმართულებას ხშირად ცვლიდა, რითაც ამერიკელს მისი ძლიერი თვისების - მოწოდებაზე კარგი დაბრუნების გამოყენების საშუალება არ მისცა. როჯერსმა მეტოქის მოწოდების მხოლოდ 61 პროცენტის მოგერიება შეძლო.

„ვიცოდი, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, კარგი მოწოდება იქნებოდა. სწორედ ამაზე გადავიტანე ყურადღება, რამაც თამაშის კონტროლის საშუალება მომცა“, - განაცხადა ბარტიმ, რომელმაც პირველ სეტში ერთადერთი ბრეიკი (მეოთხე გეიმში) იმყოფინა.

პირველი სეტის მოსაგებად, ბარტის ნახევარ საათზე ნაკლები დასჭირდა. მეორე სეტში კი, პირველ ექვს გეიმში ორ ბრეიკს მიღწია. მაგრამ როცა მოგებაზე აწოდებდა, ზედმეტად მოეშვა და მეტოქეს ერთი ბრეიკის გაქვითვის საშუალება მისცა. თუმცა, ორი გეიმის შემდგ, შეხვედრას ლოგიკური წერტილი დაუსვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086596