რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპი, არქტიკის რალი, ესტონელი ოტტ ტანაკის (ჰიუნდაი) გამარჯვებით დასრულდა. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონმა ლიდერობა პირველივე დღეს იგდო ხელთ და კვირას, შედარებით ფრთხილი რბოლითაც კი მიაღწია საწადელს.
ლაპლანდიის ეტაპმა შვედეთის რალი შეცვალა, რომელიც კორონავირუსის გამო არ ჩატარდა. ტანაკმა პარასკევს მოპოვებული ლიდერობა შაბათს, ექვსიდან სამი სპეცმონაკვეთის მოგებით განიმტკიცა. საბოლოოდ, მან 17.5 წამით აჯობა 20 წლის ფინელ კალე როვანპერას (ტოიოტა), რომელმაც თავის მხრივ, დაძაბულ პაექრობაში, მესამე ადგილზე დატოვა ბელგიელი ტიერი ნოივილი.
რბოლის მესამე დღეს მხოლოდ ორი, 22.47-კილომეტრიანი სპეცმონაკვეთი იყო გასავლელი, ორივე აიტაიარვის მონაკვეთზე. პირველ ჯერზე „ტოიოტას“ ორმა ეკიპაჟმა ყველას აჯობა. საუკეთესო დრო ბრიტანელ ელფინ ევანსს ჰქონდა. მეორე როვანპერა იყო, ვისაც მხოლოდ 0.1 წამით ჩამორჩა ნოივილი.
როვანპერამ აიტაიარვის მეორე რბოლა გამრჯვებით დაასრულა, რითაც ნოივილის საერთო ჯამში გასწრების საშუალება არ მისცა. რაც მთავარია, ლაპლანდიაში დაკავებული მეორე ადგილით, მან მსოფლიო ჩემპიონატში ლიდერობა იგდო ხელთ.
„ამ რბოლაში საუკეთესო ადგილისთვის ბრძოლა მსურდა, მაგრამ შეცდომამ ამის საშუალება არ მომცა. რბოლის განმავლობაში თავი არ დამიზოგავს და ვფიქრობ, კარგ შედეგსაც მივაღწიე“, - განაცხადა როვანპერამ.
დაჯილდოების ცერემონიის წინ, ყველამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მსოფლიოს 1983 წლის ჩემპიონის, ფინელი ჰანუ მიკოლას ხსოვნას. ის დღეს, 79 წლისა გარდაიცვალა. მის საპატივცემულოდ, ცერემონიას თავზე გადაუფრინა ფინური საჰაერო ძალების „F-18 ჰორნეტმა“. მიკოლას პატივი მიაგო FIA-ს პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა, ვინც ერთ დროს „მფრინავი ფინელის“ (ამ წოდებით პირველად სწორედ მიკოლას მოიხსენიებდნენ) ნავიგატორი იყო.
ხელი მოეცარა მონტე კარლოს რალის გამარჯვებულს, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ სებასტიან ოჟიეს, ვინც შაბათის ბოლო სპეცმონაკვეთზე შეცდა და მანქანა დააზიანა. როგორც პირველი ეტაპის გამარჯვებულს, მას სპეცმონაკვეთებზე პირველს უწევდა გასვლა, რაც არახელსაყრელ პოზიციაში აყენებდა. ამ გარემოების გამო, ფრანგს გამარჯვების შანსი პრაქტიკულად არ ჰქონდა. „ტოიოტას“ გუნდმა მისი მანქანა საბონუსე სპეცმონკვეთისთვის მოამზადა, მაგრამ ოჟიე მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა და ბონუს ქულებიც ვერ დააგროვა.
მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ეტაპს ხორვატია, 22-25 აპრილს უმასპინძლებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ ქვეყანაში რალის მსოფლიო ჩემპიონატის რბოლა გაიმართება.









