ავტოსპორტი

3:16 | 10.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალონსომ ტრავმა მოირჩინა და ტესტებისთვის მზადაა

ფერნანდო ალონსო სრულად გამოჯანმრთელდა და წინასასეზონო ტესტებისთვის მზადაა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფორმულა 1-დან ორი წლის წინათ წავიდა და ამ სეზონში ბრუნდება. ის ისევ იმ გუნდს უბრუნდება, რომელთან ერთადაც, თავისი ორი ტიტული აქვს მოპოვებული. ოღონდ, გუნდს „რენოს“ ნაცვლად, „ალპინი“ ჰქვია.

შვეიცარიაში, საკუთარი სახლის მახლობლად, ველოსიპედით ვარჯიშის დროს, ის მანქანას დაეჯახა და ზედა ყბის მოტეხილობა მიიღო. წარმატებული ოპერაციის მიუხედავად, ესპანელი ახალი მანქანის, „ალპინA521-ის“ წარდგენას ვერ დაესწრო. თუმცა ახლა უკვე მზადაა და პარასკევს ბაჰრეინში ტესტებში მიიღებს მონაწილეობას.

„თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ასეთსავე განწყობაზე ვარ. ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც მზად ვარ“, - ამბობს 39 წლის მრბოლი, ვინც ფ1-ის ორი ტიტულის გარდა, ორჯერ ლე მანის 24-საათიანი რბოლა მოიგო.

„ჩვენ გაოცებული ვართ მისი სწრაფი გამოჯანმრთელებით. ინციდენტისთანავე მან გვითხრა, რომ ბაჰრეინის ტესტებისთვის მზად იქნებოდა. მაშინ ეს მისმა ექიმებმაც დაგვიდასტურეს. როგორც ჩანს, მართლები იყვნენ, რადგან ის აბსოლუტურად ჯანმრთელია. და ჩვენ მოუთმენლად ველით, როდის ვიხილავთ მას მანქანაში“, - ამბობს „ალპინის“ მთავარი აღმასრულებელი ლორენ როსი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099052