ავტოსპორტი

3:48 | 15.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარიმ“ სწორზე ჩამორჩენა აღმოფხვრა

„ფერარის“ გუნდის შეფი მატია ბინოტო ამბობს, რომ „ფერარიმ“ გამოასწორა შარშანდელი მანქანის მთავარი ნაკლი - სწორზე დაბალი სიჩქარე. გასულ სეზონში მარანელოელებს განსაკუთრებით იმ ტრასებზე უჭირდათ, სადაც ძრავის სიმძლავრეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

2019 წლის სეზონში „ფერარიმ“ ძრავებზე რეგლამენტი დაარღვია. FIA-ს მიერ ორგანიზებული გამოძიებისას, „ფერარიმ“ ფედერაციასთან საიდუმლო შეთანხმებას მიაღწია, რაც გუნდის მხრიდან, გარკვეულ ვალდებულებებს ითვალისწინებდა. გარკვეულწილად, სწორედ ამ ვალდებულებებმა გამოიწვია ის, რომ „ფერარიმ“ 2020 წლის ძრავი ვერ სრულყო. და ეს ყველაფერი სეზონის ჩავარდნაში აისახა.

და აი, წინასასეზონო ტესტების ბოლო, მესამე დღეს, ბინოტო ამბობს, რომ ტელემეტრიული ჩანწერების შესაბამისად, სწორზე ჩამორჩენა აღმოფხვრილია.

„ჩვენ ვიცოდით, სტენდზე ძრავი როგორ მუშაობდა. მანქანაზე დაყენების შემდეგ, ეს ყველაფერი სწორზე სიჩქარეს უნდა შეტყობოდა. განსაკუთრებით კი გვაინტერესებდა სიჩქარე სხვებთან შედარებით. გასულ სეზნში, ბაჰრეინის კვალიფიკაციაზე, მანქანა სწორ მონაკვეთებზე ძალიან ნელი იყო. ჩვენ ვერ გავედით Q3-ში და პოულ პოზიციასთანაც ბევრი წავაგეთ. ახლა კი, შემიძლია ვთქვა, რომ სიჩქარის მხრივ, ყველაფერი გამოსწორდა. ყოველ შემთხვევაში, ჩამორჩენა ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო“, - ამბობს ბინოტო.

მისივე თქმით, სიჩქარის გაზრდა მხოლოდ ძრავის წყალობით არ მოხდა. გასულ სეზონში, არანაკლები პრობლემა ის იყო, რომ მანქანას დიდი აეროდინამიკური წინააღმდეგობა ჰქონდა. ამჯერად კი ეს პრობლემაც მოგვარებულია.

0.060582