ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა, სტარტს 25 მარტს, ფუკუშიმას სტადიონ „ჯეი-ვილიჯის“ სავარჯიშო ცენტრში აიღებს. ცერემონიას და ესტაფეტის პირველ დღეს, მაყურებელი არ ეყოლება. შეზღუდულია ესტაფეტის მონაწილეთა რიცხვი და გამარტივებულია პროგრამა. ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ შეზღუდვებით, ვირუსის გავრცელებას აღკვეთენ.
პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს ვირუსის გავრცელების რისკები და იმავდროულად, შესაძლებელი იყოს თუნდაც შეზღუდული რაოდენობით მაყურებლის დასწრება.
ჩირაღდნის ესტაფეტის სტარტი დიდი ხნის წინ დაიგეგმა, თუმცა არსებობდა იმის საშიშროება, რომ ის ისევ გადადებულიყო, ან საერთოდ არ ჩატარებულიყო. ორგანიზატორებმა ასევე გამოაცხადეს, რომ ჩირაღდნის ესტაფეტის სტარტამდე გადაწყვეტენ, შემოუშვებენ თუ არა ქვეყანაში და დაუშვებენ თუ არა ოლიმპიადაზე უცხოელ მაყურებელს.
ჩირაღდნის ესტაფეტა 121 დღე გაგრძელდება. მის საწყის ადგილად ფუკუშიმას სტადიონის არჩევა არის 2011 წლის მიწისძვრის და ცუნამის შემდეგ, იაპონიის რეკონსტრუქციის სიმბოლო. ოლიმპიადა 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება.







