ლუის ჰამილტონი არ თვლის, რომ ეს სეზონი მისთვის შესაძლოა ფორმულა 1-ში ბოლო იყოს. 36 წლის ბრიტანელი, ახალ სეზონში მსოფლიო ჩემპიონის მერვე ტიტულისთვის იბრძოლებს. იმავდროულად, მან „მერსედესთან“ მხოლოდ ერთი წლით გააგრძელა კონტრაქტი, რამაც მისი მომავლის შესახებ, ბევრ ვარაუდს შეუქმნა საფუძველი.
„იმ სიტუაციაში, რომელშიც ვარ, არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ ეს ბოლოა. მომავალი სეზონისთვის წესები იცვლება, რაც რბოლებს უფრო საინტერესოს გახდის. ეს სეზონი კი ალბათ ყველაზე საინტერესო გამოვა. ჩვენ გვყავს ახალი გუნდები, გვაქვს ახალი ფორმატი და უწინდლზე მეტად ვართ დაახლოებული. მე არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ ეს შეიძლება ჩემთვის ბოლო სეზონი იყოს. დაახლოებით რვა თვეში გადავწყვეტ, გაჩერებისთვის მზად ვარ, თუ არა. ახლა არ ვფიქრობ, რომ ასე მოვიქცევი. მაგრამ წინასწარ თქმა შეუძლებელია“, - ამბობს ჰამილტონი.
„მერსედესმა“ ბოლო შვიდი სეზონი მოიგო, რომელთაგან ექვსჯერ ტიტულს ჰამილტონი დაეუფლა, ერთხელ კი ნიკო როსბერგი. ჰამილტონს პირველი ტიტული „მაკლარენთან“ ერთად, „მერსედესისვე“ ძრავით აქვს მოპოვებული. მერვე ტიტულის გარდა, მას ამ სეზონში მე-100 რბოლის მოგება და მე-100 პოულ პოზიციის დაკავება შეუძლია. ამჟამად მის ანგარიშზე 95 გამარჯვება და 98 პოულია.
ფორმულა 1-ის მიღმა, ჰამილტონს სხვა ინტერესებიც აქვს. ესაა მუსიკა, მოდის ინდუსტრია და ადამიანის უფლებების დაცვა. „მომწონს, რასაც ვაკეთებ. წინ ძალიან საინტერესო რბოლები გველის. და ეს მე ყველაზე მეტად მიზიდავს“, - ამბობს ჰამილტონი.
ახალ სეზონს „მერსედესი“ გარკვეული პრობლემებით ხვდება - ბაჰრეინში ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ რეგლამენტის მცირე ცვლილებამ, მანქანის უკანა ბორბლების ჩაჭიდება გააუარესა. გუნდის ინჟინერთა მთავარი ამოცანა ისაა, რომ პირველი რბოლისთვის, ეს პრობლემა აღარ არსებობდეს.
ჰამილტონისვე აღიარებით, ამ ეტაპზე საუკეთესოდ „რედ ბული“ გამოიყურება. თუმცა ტესტებზე გუნდები თავიანთი რეალური შესაძლებლობების დაფარვას ცდილობენ ხოლმე და არაა გამორიცხული, რომ პირველი რბოლისთვის სულ სხვა სურათი ვიხილოთ...







