საგზაო რბოლაში მსოფლიო ჩემპიონი, ფრანგი ჟულიან ალაფილიპი ტოკიოს ოლიმპიადაზე არ იასპარეზებს. როიტერსის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მან ბევრი ფიქრის შემდეგ მიიღო.
„ბევრი განსჯის შემდეგ გადავწყვიტე, რომ დავეთანხმო ეროვნული გუნდის მწვრთნელს და დესონინკ-ქვიკ-სტეპის ხელმძღვანელობას და არ მივიღო მონაწილეობა ტოკიოს ოლიმპიადის შერჩევით ეტაპზე. ეს პირადი, კარგად გააზრებული გადაწყვეტილებაა“, - ამბობს ალაფილიპი.
ფრანგი მრბოლი 28 წლისაა. 2016 წლის ოლიმპიადაზე, სადაც ჩემპიონ ბელგელი გრეგ ვან ავერმაეტი გახდა, ის მეოთხე ადგილს დასჯერდა. 2019 და 2020 წლებში ალაფილიპს ტურ დე ფრანსზე, ჯამში 16 ეტაპზე ეცვა ლიდერის ყვითელი მაისური. გასულ წელს მან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ბოლო 23 წელიწადში ალაფილიპი პირველი ფრანგი ველომრბოლია, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ცისარტყელას ზოლიან მაისურს დაეუფლა.
ამგვარად, ტოკიოს თამაშები ზედიზედ მეორე ოლიმპიადა იქნება, რომელზეც საგზაო რბოლაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არ იასპარეზებს. რიოში სლოვაკი პეტერ შაგანი არ გამოვიდა, ვინც ამჟამად მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია. მაშინ მან სამთო ველოსიპედით ასპარეზობა ამჯობინა.
მამაკაცთა შორის საგზაო რბოლა, როგორც წესი, ოლიმპიადის დასაწყისშივე ტარდება ხოლმე. ტოკიოს ოლიმპიადაზე, ის 24 ივლისს არის ჩანიშნული, ანუ გახსნის ცერემონიიდან მეორე დღეს.
ალაფილიპი ტურ დე ფრანსზე იასპარეზებს, რომელიც 18 ივლისს დასრულდება. შესაბამისად, ფრანგ მრბოლს ოლიმპიადისთვის ძალის აღდგენის შესაძლებლობა თითქმის არ ექნება.







