სხვა

2:24 | 1.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტურის ჩემპიონმა პოგაჩარმა დროზე რბოლა მოიგო

ტურ დე ფრანსის მოქმედმა ჩემპიონმა, სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა, ფრანგული ველომარათონის მეხუთე ეტაპი, დროზე ინდივიდუალური რბოლა მოიგო. ლიდერის ყვითელი მაისური კი კვლავ ჰოლანდიელ მატიო ვან დერ პოელს დარჩა.

მართალია, პოგაჩარმა ლიდერობა ვერ მოიპოვა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მთავარი კონკურენტები ჩამოიტოვა. სხვათა შორის, შარშანდელ ტურზე, სლოვენიელმა სწორედ დროზე რბოლაში შეძლო გამარჯვების უზრუნველყოფა.

„დღეს მართლა კარგი დღე მქონდა. შეცდმები არ დავუშვი. მთავარი იყო, დრო არ დამეკარგა, მე კი დრო მოვიგე. ასე რომ, სუპერ ბედნიერი ვარ“, - განაცხადა 22 წლის პოგაჩარმა (UAE ტიმ ემირატსი).

ჩემპიონმა 44 წამით აჯობა თავის თანამემამულე პრიმოჟ როგლიჩს (ჯუმბო-ვისმა) ვისაც შარშან ჩემპიონობა, სწორედ დროზე რბოლაში, ცხვირწინ ააცალა. ტრურის 2018 წლის ჩემპიონ გერეინ თომასს (ბრიტანეთი, ინეოს გრენადერსი) წუთი და 18 წამი მოუგო. ჯიროს ყოფილ ჩემპიონს, ეკვადორელ რიჩარდ კარაპასს (ინეოს გრენადერსი) წუთით და 44 წამით აჯობა. პოგაჩარმა უკან ჩამოიტოვა მსოფლიო ჩემპიონი ჟულიან ალაფილიპიც, რომელსაც წუთი და 11 წამი მოუგო.

ტური მრავალდღიანი რბოლაა და ერთი ეტაპის მოგებით ტრიუმფის მიღწევა შეუძლებელია. წინაა ეტაპები ალპებსა და პირენეებში, სადაც ყველაფერი გაირკვევა. თუმცა პოგაჩარს ერთხელ უკვე დამტკიცებული აქვს, რომ მრავალმხრივი მრბოლია და მთაშიც შეუძლია მოგება. სწორედ ამის წყალობით გახდა ტურის ისტორიაში, მეორე ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი.

მისგან განსხვავებით, ვან დერ პოელი (ალპესინ-ფენიქსი) მთაში რბოლის სპეციალისტი არაა და შორს არაა ის დრო, როცა ლიდრის ყვითელ მაისურს გაიხდის. „ვიცი, რომ მთებში ყვითელ მაისურს ვერ შევინარჩუნებ“, - განცხადა ლიდერმა.

0.159185