სხვა

16:16 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხების და სლოვაკების ტრიუმფი ხაფანგიდან სროლაში

მამაკაცთა შორის ხაფანგიდან სროლაში, პირველი ორი ადგილი ჩეხმა მსროლელებმა დაიკავეს, ქალთა შორის კი ყველაზე ზუსტი სლოვაკი მსროლელი, ზუზანა რეჰაკ-სტეფეჩეკოვა (ფოტოზე) აღმოჩნდა.

ირჟი ლიპტაკმა და პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონმა დავიდ კოსტელეცკიმ 50-დან 43-43 სამიზნე დააზიანეს, რის გამოც, მათ შორის დამატებითი რაუნდი დაინიშნა. ლიპტაკმა, ვინც საკვალიფიკაციო ეტაპზეც საუკეთესო იყო, ამჯერადაც აჯობა თანამემამულეს და ოქროს მედალს დაეუფლა. კოსტელეცკიმ მეშვიდე სამიზნეს ააცილა და ვერცხლს დასჯერდა.

„ჯერაც ვერ დამიჯერებია, რომ ოლიმპიური ჩემპიონი ვარ. მაგრამ გარწმუნებთ, საუკეთესო განწყობა მაქვს“, - განაცხადა 39 წლის ლიპტაკმა.

„ის ჩემი დიდი ხნის მეგობარია, რამდენიმე წელია, ერთად ვვარჯიშობთ. მისგან ბევრი რამ მისწავლია. ჩვენი ოცნება იყო, რომ კვარცხლბეკის ზედა ორ საფეხურზე ერთად ავსულიყავით და ეს აქ მოხდა“, - განაცხადა 46 წლის კოსტელეცკიმ, ვისთვისაც ეს მეექვსე ოლიმპიადაა.

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ბრიტანეთიდან, მეტიუ ქოვარდ-ჰოლი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.ათენის ოლიმპიადს ჩემპიონმა, რუსმა ალექსეი ალიპოვმა და რიოს ოლიმპიადის ხორვატმა ჩემპიონმა იოსიპ გლასნვიჩმა, ფინალში გასვლაც ვერ შეძლეს.

უფრო ადრე გაიმართა ქალთა შეჯიბრი, სადაც 37 წლის სტეფეჩეკოვას ბადალი არ ჰყავდა. პეკინის და ლონდონის თამაშების ვერცხლის მედალოსანმა წინასწარ ეტაპზე ყველა, 125-ვე სამიზნე დააზიანა და ფინლში აბსოლუტური შედეგით გავიდა. ფინალში კი 50-დან 43 სამიზნეს მოარტყა. მას ერთით ჩამორჩა და ვერცხლს დასჯერდა 29 წლის ამერიკელი კეილი ბრაუნინგი. ბრინჯაოს კი 33 წლის სანმარინოელი ალესანდრა პერილი დაეუფლა, ვინც ეს ისე აღნიშნა, როგორც გამრჯვება. ეს ამ ჯუჯა სახელმწიფოსთვის, ტოკიოში მოპოვებული პირველი მედალია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.180638