დღეს ტოკიოს საბრძოლო ხელოვნების ცენტრში - ნიპონ ბუდოკანში გაიმართა იაპონიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელთა შეხვედრა. მასპინძელთა მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი იასუჰირო იამასიტა და საგარეო ურთიერთობების მრჩეველი, იაპონიის ყოფილი ელჩი ჩინეთში იუტაკა იოკიო.
სეოკ-ს წარმოადგენდნენ პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა იაპონიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი თეიმურაზ ლეჟავა, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო მის ორგანიზებაში.
შეხვედრაზე ისაუბრეს ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, იაპონელ და ქართველ ძიუდოისტთა წარმატებულ გამოსვლაზე, იაპონიისა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტების თანამშრომლობაზე.
როგორც ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, ტოკიო მაღალ დონეზე მასპინძლობს ოლიმპიურ თამაშებს. მან მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას, საორგანიზაციო კომიტეტს და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის ერთგულებისთვის, რამაც შესაძლებელი გახდა ერთი წლით გადადებული ოლიმპიადის ჩატარება. ხაბელოვმა ისაუბრა ქართველ ოლიმპიელებზე, უკვე განვლილ და მომავალ შეჯიბრებებზე, წარმატებები უსურვა იაპონელ და ქართველ სპორტსმენებს, გულითადი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა იაპონიის ოლიმპიურ კომიტეტს, იასუჰირო იამასიტა კი მოიწვია საქართველოში. ლერი ხაბელოვმა მასპინძლებს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
იამასიტამ ხაზი გაუსვა ოლიმპიური თამაშების მნიშვნელობას იაპონიისთვის და მთელი მსოფლიოსთვის, ასევე წარმატებული სტარტი მიულოცა საქართველოს დელეგაციას. აღნიშნა, რომ ქართველები ძიუდოში ყოველთვის ლიდერთა შორის არიან და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ტოკიოში. იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ძიუდოისტმა, გაიხსენა ახალგაზრდობის წლები, ძიუდოში თბილისის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის ამბები, თავისი ქართველი კონკურენტები და მეგობრები: „საქართველოსთან ძალიან თბილი მოგონებები მაკავშირებს. ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა და თქვენი ხალხი. თუ არ ვცდები, 1996 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ საქართველოში და როცა ამის საშუალება მომეცემა, აუცილებლად გესტუმრებით,"- მხარეები შეთანხმდნენ, რომ უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ ერთობლივი ოლიმპიური პროგრამების განსახორციელებლად.
GEONOC.ORG.GE







