ღია წყალში 10 კილომეტრზე ქალთა შორის ცურვაში, ოქროს მედალს ბრაზილიელი ანა მარსელ კუნია დაეუფლა. მან სულ რაღაც, წამზე ნაკლები მოუგო რიოს ოლიმპიადის ჩემპიონს, ჰოლანდიელ შარონ ვან როუვენდაალს. ბრინჯაოს მედალს კი ავსტრალიელი კარინა ლი დაეუფლა.
„არ მეგონა, თუ ასე მოხდებოდა. ძალიან გახარებული ვარ“, - განაცხადა კუნიამ, ვისაც თმა ბრაზილიის ფერებში აქვს შეღებილი. მას მსოფლიო ჩემპიონის ხუთი ტიტული აქვს მოპოვებული, მაგრამ ტოკიომდე ოლიმპიური მედალის მოპოვებას ვერ ახერხებდა.
ბოლო წრე იყო დარჩენილი და წინ გერმანელი ლეონი ბეკი იყო. სწორედ ამ დროს დაიწყო მთავარი ბრძოლა და შეტევისთვის პოზიციების შეცვლა. ყველას კუნიამ აჯობა, ვინც ფინიშამდე კილომეტრით ადრე, მოსახვევში საუკეთესო პოზიცია შეარჩია და დაწინაურდა. მას ლიდერობა ფინიშამდე აღარც დაუთმია.
როუვენდაალი კარგა ხანს ჯგუფის უკან ცურავდა და შეტევა არ უცდია. ბოლო კილომეტრზე აჩქარდა, მაგრამ ბრაზილიელის გასწრება ვეღარ შეძლო. მისი თქმით, თბილ წყალში მთავარი, ორგანიზმში სითხის შენარჩუნება იყო. ჰოლანდიელის თქმით, თბილ წყალში ეს მისი საუკეთესო შედეგი იყო.







