ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში ამერიკის საკალათბურთო ნაკრები გავიდა და ახლოსაა ზედიზედ მეოთხედ გახდეს ოლიმპიური ჩემპიონი. ნახევარფინალში გრეგ პოპოვიჩის გუნდი ავსტრალიას შეხვდა და 97:78 მოიგო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველ მეოთხედში მათ ძალიან გაუჭირდათ.
შეხვედრა ავსტრალიელთა უპირატესობით დაიწყო, რომელთაც თამაში კარგად წაუვიდათ და პირველი მეოთხედი 6-ქულიანი უპირატესობით მოიგეს. მეორე პერიოდში კი სხვაობა 15 ქულამდე გაზარდეს. მაგრამ, კევინ დურანტმა და კამპანიამ პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში შეამცირეს და შესვენებაზე 42:45-ით გავიდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკამ პირველი 10 სამქულიანი გააცუდა და ამ მხრივ ძალიან ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა.
გარდამტეხი მე-3 პერიოდი გამოდგა, როდესაც ამერიკამ მეტოქეზე დიდი ზეწოლა მოახდინა და გუნდებს შორის ანგარიშში სხვაობა მხოლოდ და მხოლოდ იზრდებოდა, მეოთხედის ბოლოს კი მან 19(!) ქულა შეადგინა (74:55).
დასკვნითი ათწუთეული ფრედ - 23:23 დასრულდა და საბოლოოდ ამერიკის საკალათბურთო გუნდმა ოქროს მედლისთვის თამაშის უფლება მოიპოვა. რაც შეეხება ავსტრალიას, ბრაინ გურჯიანის გუნდმა რიოში ნაჩვენები შედეგი გაიმეორა და ნახევარფინალში გავიდა. მაშინ მათ ესპანეთთან ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში 88:89 წააგეს და ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულეს. ახლა კი საფრანგეთისა და სლოვენიის წყვილში დამარცხებულს შეხვდებიან.

შეხვედრაში საუკეთესო კევინ დურანტი იყო. 32 წლის ფორვარდმა პარკეტზე 30:11 წუთი გაატარა, რა დროშიც 23 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. მან 12-დან 9 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. დევინ ბუკერმა კი 20 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მას ყველაზე მაღალი +- 30(!) მაჩვენებელი ჰქონდა.

დამარცხებულთა გუნდიდან 15 ქულით, 5 მოხსნითა და 8 პასით პატრიკ მილსი გამოირჩა. „ბრუკლინ ნეტსის“ გამთამაშებელმა 9-დან 2 ორქულიანი, 14-დან 5 საჯარიმო და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ამრიგად, ამერიკის საკალათბურთო ნაკრები ფინალშია და მეტოქეს ელოდება, რომლის ვინაობა საფრანგეთისა და სლოვენიის წყვილში გაირკვევა. აღნიშნული შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს ოლიმპიურ თამაშებზე გასაოცარი შედეგი აქვს. მათ ზაფხულის თამაშების ოქროს მედალი 18-ჯერ აქვთ მოპოვებული. გამონაკლისი იყო 1980 წელი, როდესაც ისინი რუსეთში გამართულ ოლიმპიადაზე არ წავიდნენ. გარდა 18 ოლიმპიური ჩემპიონობისა, მათ ერთხელ ვერცხლის, ხოლო ორჯერ ბრინჯაოს მედალიც დაისაკუთრეს.







