ლიონელ მესისა და “ბარსელონას” ურთიერთობა ოფიციალურად დასრულდა. ესპანურმა გრანდმა საკუთარ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კონტრაქტი არ გახანგრძლივდება. მესის ბარასათან კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და მხარეებმა მის განახლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო კონტრაქტის გაფორმება შეუძლებელი გახდა.
„ლიონელ მესი „ბარსელონაში“ არ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი და ფეხბურთელი შეთანხმდნენ და მათ აშკარა განზრახვა ჰქონდათ კონტრაქტი გაეხანგრძლივებინათ, ეს ვერ მოხდება ფინანსური და სტრუქტურული დაბრკოლების გამო (ესპანეთის ლიგის რეგულაციების). ამ სიტუაციის შედეგად, მესი არ დარჩება „ბარსელონაში“. ორივე მხარე ძალიან წუხს, რომ მათი სურვილები საბოლოოდ ვერ შესრულედა. „ბარსელონა“ გულწრფელ მადლობას უხდის ფეხბურთელს კლუბის კეთილდღეობაში შეტანილი წვლილისთვის და უსურვებს ყოველივე საუკეთესოს მომავალში პირად და პროფესიულ ცხოვრებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა „ბარსელონაში 778 მატჩი ჩაატარა და 672 გოლი გაიტანა. მან 10-ჯერ მოიგო ლა ლიგა, 7-ჯერ ესპანეთის თასი, ასევე 7-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამ-სამჯერ კი ევროპის სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი. მესის „ბარსელონას“ ისტორიაში ყველაზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული და ყველაზე მეტი გოლიც გაიტანა.
ლიონელ მესი ბარსელონაში 2000 წლიდან ირიცხებოდა, მთავარ გუნდში დებიუტი კი 2004 წელს ჰქონდა. მას სხვა კლუბში არასდროს უთამაშია. ამრიგად, არგენტინელმა კლუბი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. უცხოური გამოცემების ცნობით, მესი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს.





