ამერიკელების, ეიპრილ როსის და ელიქს კლინემანის წყვილმა, ქალთა პლიაჟის ფრენბურთის ფინალში ავსტრალიელების, მარიაფე არტაჩო დელ სოლარის და ტალიქა კლენსის წყვილს 21-13, 21-15 მოუგეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ. შეხვედრისას, ქვიშის ტემპერატურა 45 გრადუსს აღწევდა.
შვეიცარიელებმა, ანუკ ვერჟ-დეპრემ და ჟოანა ჰაიდრიხმა, ბრინჯაოს მედლისთვის სეხვედრაში, ლატვიელებს, ტინა გრაუდინას და ანასტასია კრავჩენოკას 21-19, 21-15 მოუგეს.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორებმა, შეხვედრების მონაწილე ქვეყნების ოლიმპიური დელეგაციების წარმომდგენლებს, ტრიბუნაზე ყოფნის უფლება მისცეს. მათგან ყველაზე მეტად, ამერიკელებმა იაქტიურეს და მათმა ქომაგობამაც სასურველი შედეგი მოიტანა.
შვეიცარიამ პლიაჟის ფრენბურთში, ქალებს შორის, პირველად მოიპოვა ოლიმპიური მედალი. 2004 წელს ეს მათმა მამაკაცთა გუნდმა შეძლო.
პლიაჟის ფრენბურთი ამერიკაში დაარსდა და ის ოლიმპიურ პროგრამაში 1996 წლიდანაა. მას შემდეგ, ოლიმპიადებზე ამერიკელები და ბრაზილიელები დომინირებდნენ, რომლებმაც ტოკიომდე, 12-დან 9 ოქროს მედალი (ორივე სქესში) მოიპოვეს.







