პოლონეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს მედლების მოპოვება საქართველოს ნაკრების ორივე წევრმა შეძლო! ზურაბ ანთაურის გუნდის წევრებმა ორ დღეში საერთო ჯამში 6 მედლი მპოიპოვეს.
საქართველოს 2 ოქრო და 1 ვერცხლის მედალი გიგა ოდიკაძემ მოუტანა, რომელმაც ატაცში სამივე ცდა გამოიყენა და 79, 82, 84 კილოგრამი დაძლია, რითაც ოქროს მედალს დაეუფლა.
ახალგაზრდა ძალოსანმა აკვრაში თავი 94, 99 და102 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვებული 186 კილოგრამით პოლონეთში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა!
ოდიკაძის გარდა რევაზ მილდიანმა 1 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ხოლო ლერი ნეფარიძის ანგარიშზე 1 ბრინჯაოა.
დღესვე პოლონურ ფიცარნაგზე კიდევ 2 ქართველ ძალოსანს ვიხილავთ. 15 წლამდელებს შორის 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოგა ჯაჯვანი გამოვა, ხოლო 17 წლამდელებში 55 კილოგრამში არჩილ ოქროპირიძე მოსინჯავს ძალებს. ჯაჯვანის ასპარეზობა რამდენიმე წუთში დაიწყება, ხოლო ოქროპირიძეს თბილისის დროით 18:45 საათზე ვიხილავთ.









