სხვა

17:08 | 18.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოციგურავეების ოქროს და ვერცხლის მედლები იტალიასა და უნგრეთში

6-17 ოქტომბერს , მენტანაში (იტალია) გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში სპორტულ ცეკვებში, სადაც მონაწილეობდა მარია კაზაკოვა და გიორგი რევიას წყვილი. ქართველი სპორტსმენებისათვის ამ სეზონზე ეს მეორე საერთაშორისო ტურნირი იყო ობერსდორფის შემდეგ.

"Mezzaluna Cup" -თასზე კი 7 სხვადასხვა ქვეყნის მოციგურავეებს შორის ქართველმა სპორტსმენებმა 186.78 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურეს . იტალიაში ქართველი წყვილი კიდევ ერთხელ წარდგა მაყურებლებისა და სპეციალისტების წინაშე თავიანთი ახალი ოლიმპიური პროგრამით.

გარდა ამისა, 15-17 ოქტომბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურობაში " 2nd Budapest Trophy 2021" -ის სტატუსით, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი მოციგურავეები ალინა ურუშაძე ( ერთეული ქალები) და ანასტასია მეტელკინასა და დანიილ პარკმანის სპორტული წყვილი. მეტელკინა-პარკმანის წყვილისთვის ბუდაპეშტის ტურნირი ამ სეზონზე პირველი სტარტი იყო , ხოლო საქართველოს სახელით მათი ერთობლივი გამოსვლის კი მეორე ასპარეზობა, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. სპორტული წყვილი საკმაოდ სერიოზულად მოემზადა სეზონის ამ პირველი სტარტისათვის და ორი პროგრამის ჯამში 188,03 ქულით მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედლები დამსახურებულად მოიპოვა, რაც უდავოდ მაღალი შედეგია წყვილისათვის სეზონის საწყის ეტაპზე. საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა აგრეთვე ალინა ურუშაძემ, რომელმაც 14 ქვეყნის 20 მოციგურავე ქალს შორის 179,14 ქულით მე- 5 ადგილი დაიკავა და პოზიციები მხოლოდ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონ რუს სპორტსმენებსა და აზერბაიჯანელ მოციგურავეს დაუთმო. ქართველი მოციგურავეების ხშირი გამოსვლები საერთაშორისო ტურნირებზე ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში , მათი სპორტული ფორმის სრულყოფისა და ოლიმპიურ სეზონზე ახალი პროგრამების ფორმირებისათვის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099283