გართობის სერვისებზე ორიენტირებულ პროექტ „გრეისნოტის“ ვარაუდით, პეკინის ზამთრის თამაშებზე, ყველაზე მეტ მედალს ნორვეგიელი ათლეტები მოიპოვებენ, მეორე ადგილს კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდი დაიკავებს.
წინა ზამთრის ოლიმპიადაზე, რომელიც სამხრეთ კორეის პიონჩანში ჩატარდა, ნორვეგიელებმა 39 მედალი მოიპოვეს, რომელთაგან 14 ოქროსი იყო. ყველაზე მეტ მედალს ამ ქვეყნის მოთხილამურეები და ბიატლონისტები დაეუფლნენ. „გრეისნოტის“ ვარაუდობს, რომ სკანდინავიელები პეკინში 44 მედალს აიღებენ, რომელთა ნახევარიც ოქროსი იქნება.
რუსები პეკინში მათი ოლიმპიური კომიტეტის დროშით იასპარეზებენ, რაც დოპინგთან დაკავშირებული სანქციების გამო ხდება. პიონჩანში მათ ინდვიდუალურად იასპარეზეს და მხოლოდ ორი ოქროს მედალი მოიპოვეს. „გრეისნოტის“ პროგნოზით, რუსი ათლეტები ამჯერად 14 ოქროს მედალს მოიპოვებენ.
ციგურაობაში დომინანტი ჰოლანდია პეკინის ოლიმპიადაზე 12 ოქროს მედალს მოიპვებს და ერთით ჩამოიტოვებს გერმანიას. პროექტი მხოლოდ მეხუთე ადგილზე გასვლას უწინასწარმეტყველებს შეერთებული შტატების გუნდს. პიონჩანში ამერიკელებმა მხოლოდ 9 ოქროს მედალი აიღეს, პეკინში კი მათგან მხოლოდ შვიდ ოქროს ელიან.
წინა ოლიმპიადა 11 ოქროს მედლით დაასრულა კანადამ, რომელმაც უკან მეზობელი აშშ ჩამოიტოვა. მაგრამ ამჯერად მათგან „მხოლოდ“ ექვსი ოქროს მედალია მოსალოდნელი.
„გრეისნოტი“ ანალიზისას წინა ოლიმპიადების, მსოფლიო ჩემპიონატების და მსოფლიო თასის გათამაშებების სტატისტიკებს იყენებს. ამ მონაცემების გამოყენებით მომდევნო ტურნირის (ოლიმპიადის) ფავორიტებს და შესაძლო გამარჯვებულებს ავლენს. რა თქმა უნდა, მის მიერ შემუშავებული ფორმულა, ტრავმებს და სხვა მოულოდნელ შემთხვევებს არ ითვალისწინებს.
„გრეისნოტის“ პროგნოზით, მასპინძელი ჩინეთი მხოლოდ ოთხი ოქროს მედლის მოპოვებას შეძლებს. მაგრამ ორგანიზაცია თავადვე ამბობს, რომ შესაძლოა, ჩინელებთან დაკავშირებული პროგნოზი არ გამრთლდს, რადგან ზამთრის ბევრი სახეობის ჩინელი ათლეტები, საერთაშორისო არენაზე ნაკლებად აქტიურობენ, რისი მიზეზიც, კორონავირუსის პანდემიაა.
პეკინის ზამთრის ოლიმპიადა 4 თებერვალს დაიწყება.







