საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებთა ამხანაგური მატჩი გორში გაიმართება. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა 15 ნოემბერს, 18:00 საათზე, „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე ჩატარდება.
ამ ეტაპზე უცნობია, დაესწრებიან თუ არა აღნიშნულ მატჩს გულშემატკივრები. ეს გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში უნდა მიიღონ.
საქართველოს გორში აქამდეც უთამაშია, უფრო კონკრეტულად კი 2017 წლის 10 ნოემბერს, როდესაც ამხანაგურ შეხვედრაში კვიპროსს უმასპინძლა და გამარჯვების გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა (1:0).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს, ბათუმში, შვედეთს უმასპინძლებს და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს დაასრულებს, ხოლო უზბეკეთთან მატჩი 2021 წელს ვილი სანიოლის გუნდისთვის ბოლო იქნება.







